რამდენ მძღოლს შეუჩერდა მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, 2023 წელს ქულები დააკლდა სულ 395 284 – მძღოლს, მათი უმრავლესობა, 124 103 – თბილისში მცხოვრებს, დარღვევების გამო ქულების დაკლებათა სტატისტიკით მეორე ადგილს ქვემო ქართლი იკავებს, 37 769 მძღოლით, მას მოსდევს იმერეთი – 35 360 მძღოლით, სამეგრელო ზემო სვანეთი – 31 055 მძღოლით, კახეთი – 31 032 და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ შსს-ის სტატისტიკური მონაცემები წინასწარია.
ინფორმაციისთვის, ყოველი წლის დასაწყისში ყველა მძღოლს მართვის მოწმობაზე ავტომატურად ერიცხება 100 ქულა, სხვადასხვა დარღვევაზე კი სხვადასხვა რაოდენობის ქულა აკლდება. ქულების განულების შემთხვევაში მძღოლს მართვის უფლება ერთი წლით ჩამოერთმევა, თუმცა მძღოლებს გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში დროზე ადრე მოწმობის აღების უფლება აქვთ.