ხელნაკეთი თოჯინები თელავში მცხოვრები სალომე გრემელაშვილისგან
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები ხელოვანი, სალომე გრემელაშვილი, ხელნაკეთ თოჯინებს ამზადებს.
ახალგაზრდა ამბობს, რომ წლებია სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს, თუმცა, სურვილი სულ ჰქონდა თოჯინები შეექმნა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდამ რამდენიმე გაკვეთილი გაიარა და ხელნაკეთი თოჯინების შექმნა დაიწყო. მისი თქმით, თოჯინების შექმნისას იყენებს პოლიმერულ თიხას და მათი ტანსაცმლისთვის კი სხვადასხვა ქსოვილს.
,,გავაკეთე პირველი თოჯინა, ეს ჩემი პირველი ცდაა და შედეგით კმაყოფილი ვარ. წლებია პოლიმერულ თიხაზე ვმუშაობ და დიდი ხანია რაც თოჯინების ხაზის შემოტანა მინდოდა ჩემს შემოქმედებაში, თუმცა ამას სჭირდება თავისებურა ცოდნა, რომ სწორად გააკეთო და ნამუშევარი სათანადო გამოვიდეს. ამიტომ, რამდენიმე გაკვეთილი გავიარე მეთოჯინე ირმა ფრანგიშვილთან, ის წლებია ულამაზეს თოჯინებს ქმნის და მეც დამეხმარა, რომ შევქმნა სხვადასხვა ტიპის თოჯინები’’,- აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას სალომე გრემელაშვილი.
სალომე განმარტავს, რომ პირველად დამზადებული თოჯინის ფოტოები საკუთარ სოციალურ ქსელში დადო და ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც თავად ამბობს, ამან მისცა სტიმული მეტი თოჯინის დასამზადებლად.
,,პირველი ნამუშევრის ფოტოები დავდე ჩემს გვერდზე, მას შემდეგ არ წყდება თბილი კომენტარები. რაც შეეხება თოჯინის დამზადებას, საკმაოდ შრომატევადია. თოჯინის სახე და კიდურები ხელით არის თიხისგან გამოძერწილი. მის დასამზადებლად საჭირო დრო კი განსაზღვრული არ არის. გააჩნია, დღეში რამდენ საათს დაუთმობ ამ საქმეს. ერთი თოჯინის თავიდან ბოლომდე დამზადებას, საშუალოდ, ორი კვირა მაინც სჭირდება. ყველა დეტალი ხელით კეთდება: იძერწება პოლიმერული თიხით. ტანსაცმელზეც შენ უნდა იზრუნო და ყველა მცირე დეტალი უნდა გაითვალისწინო’’,- აღნიშნავს სალომე.
ხელოვანი ნამუშევრების დასამზადებლად საჭირო მასალას თბილისში, სხვადასხვა მაღაზიაში ყიდულობს. მისი სამომავლო მიზანია მეტი თოჯინის შექმნა, რომელიც მეტად რეალისტური და ხარისხიანი იქნება.
,,ნამუშევრის დასამზადებლად საჭირო მასალებს თბილისში, სხვადასხვა მაღაზიაში ვყიდულობ. სამომავლოდ მინდა თოჯინების შექმნაზე და დახვეწაზე რაც შეიძლება მეტი ვიმუშავო. მინდა გავაკეთო სხვადასხვა ტიპის თოჯინები, ასევე პორტრეტულებიც. იმედია ყველაფერი გამომივა. თუ შედეგით კმაყოფილი ვიქნები, შემდეგ უკვე მივიღებ გამოფენებში მონაწილეობას. ძალიან მინდა ჩემი სახელოსნო მქონდეს, სადაც გამოფენილი იქნება ჩემი ნამუშევრები და სივრცე იქნება მოსწავლეებით სავსე, სადაც სხვადასხვა ტიპის ნამუშევრებს შევქმნით’’, -ამბობს სალომე.
აღსანიშნავია, რომ სალომე 7 წელზე მეტია ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს და ინტერნეტ გვერდის ,,ატარე გაზაფხულები” საშუალებით ყიდის. მისი თქმით, პოლიმერულ თიხაზე მუშაობა რთულია, თუმცა მისთვის ეს სასიამოვნო პროცესია.
,,ბავშვობიდან მიყვარს ხელსაქმე, ქსოვა, ქარგვა და სხვა. პოლიმერულ თიხაზე მუშაობის პროცესს ვუყურებდი ინტერნეტში, ვიდეოებიდან ვსწავლობდი და შემდეგ ეს ჩემს საქმიანობაში გადმოვიტანე. თავდაპირველად ვიყიდე თიხა და დავამზადე ყვავილები თმის სამაგრისთვის. თავიდან გასართობად შევიძინე და რამდენიმეს დამზადების შემდეგ, მეგობრებმა მირჩიეს, რომ თუ ხალხს მოეწონებოდა გამეკეთებინა სხვებიც და გამეყიდა. ჩემმა პირველმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა. შემდეგ უკვე მეც მომეცა სტიმული, რომ თმის სამაგრების გარდა დამემზადებინა სხვა ნამუშევრებიც”,-განუცხადა Knews.ge-ს სალომე გრემელაშვილმა.
ის თმის სამაგრებს, ბროშებს, სხვა აქსესუარებს ამზადებს და ინტერნეტის საშუალებით ყიდის. მისივე თქმით, ნამუშევრებს საქართველოს გარდა, საზღვარგარეთაც ყიდის.
,,მაქვს ინტერნეტგვერდი ,,ატარე გაზაფხულები” და ნამუშევრებს ვაგზავნით ყველგან, საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ. ვამზადებ ფინჯნებს, თმის სამაგრებს, საყურეებს. ნებისმიერ ჭურჭელზე ვამაგრებ პოლიმერულ თიხას და ვაფორმებ. ძირითადი მოთხოვნა არის ვარდებიან ფინჯნებზე”,- განაცხადა სალომე გრემელაშვილმა.
ნახეთ ასევე სალომე გრემელაშვილის შემოქმედებაზე მომზადებული მასალა:
ატარე გაზაფხულები- თელავში მცხოვრები ახალგაზრდის ხელნაკეთი სამკაულების ბიზნესი