მმართველი გუნდი “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს
მმართველი გუნდი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას გეგმავს.
საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სალომე ქურასბედიანი, თენგიზ შარმანაშვილი, სოზარ სუბარი, ფრიდონ ინჯია და შალვა კერესელიძე. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის კიდევ ერთი წევრია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.
“ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ” მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს.
პარლამენტში მათი ინიციატივით “ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ” წარდგენილია მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი და ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”.
თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კონსტიტუციის 30-ე მუხლი კორექტირდება, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: – „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
რაც შეეხება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.