ახალი ამბები

თელავში წარმოებული ნატურალური წვენები, ექსპორტზე კანადასა და საუდის არაბეთში გავიდა

ქართული ნატურალური წვენების ,,ალალის“ მწარმოებელი კომპანია ,,აჩინებული“ საექსპორტო ბაზრევბს აფართოებს.

როგორც ,,აჩინებულის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი გოჩა ღვინეფაძე ამბობს, აქვთ მოლოდინი, რომ 2024 წელს ექსპორტი გაორმაგდება.

„გვაქვს 10 დასახელების პროდუქტი, წელს ვგეგმავთ, რომ კივი და ფეიხოა დავამატოთ. 2024 წელს გაფართოვდა ჩვენი საექსპორტო არეალიც. 2024 წელს დაგვემატა უზბეკეთი, კანადა, საუდის არაბეთი და რუსეთი. კანადასთან შეკვეთა დაკონტრაქტებულია, საუდის არაბეთს კონტრაქტზე ხელი აქვს მოსაწერი, უზბეკეთთან შეკვეთა დაკონტრაქტებულია, ხოლო რუსეთში ჩვენი პროდუქცია უკვე გადაიზიდა. კანადაში ძირითადად გავიტანთ ალუბლისა და საფერავის ნატურალურ წვენებს. დანარჩენ ბაზრებზე კი ყველა სახეობის წვენის ექსპორტი განხორციელდება“, – ამბობს გოჩა ღვინეფაძე.

საექსპორტო ბაზრების გაფართოებასთან ერთასდ, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე გაზაფხულის ბოლოს „აჩინებულის“ წვენებზე ფასის ზრდას გეგმავს.

„პროდუქცია, სავარაუდოდ 10%-ით გაძვირდება. გამომდინარე იქიდან, რომ საბანკო რესურსი, კომუნალური გადასახადები გაიზარდა, ყველა ლოგისტიკური ხარჯი და ნედლეული გაძვირებულია. ადგილობრივ ბაზარს ჩვენს გაყიდვებში 40% უჭირავს, 60% ექსპორტზე მოდის“, – ამბობს Business Insider Georgia- თან გოჩა ღვინეფაძე.

„აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და 2022 წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება USAID -ის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტს, მისი ჯამური ინვესტიცია 235 000 დოლარს შეადგენს. აქედან 75 000 დოლარია გრანტია.