ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში და-ძმა ემსხვერპლა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მაგისტრალზე, შირაქის ველთან მომხდარ ავარიას, და-ძმა ემსხვერპლა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაქტორის მისაბმელი დაეჯახა, რომელიც მას მკვეთრ მოსახვევში შესვლისას მოწყდა.
შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი ავტომობილის ორი მგზავრი, 35 და 37 წლის და-ძმა.
მესამე მგზავრი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6- ე ნაწილით დაიწყო.