გაიცანით Spelling Bee კონკურსში გამარჯვებული, ზეინაბი გაურგაშვილი პანკისის ხეობიდან
ზეინაბი გაურგაშვილი, რომელიც პანკისის ხეობიდან არის, Spelling Bee რეგიონალური კონკურსის გამარჯვებული გახდა.
რეგიონული კონკურსი Spelling Bee, რომელსაც “ევროპული სკოლა“ ატარებს ყოველწლიურად, პოპულარული ღონისძიებაა, რომელშიც ასობით მოსწავლე იღებს მონაწილეობას. იგი ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებულ მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ ენის ცოდნა და კონკურენტულ გარემოში ჯანსაღი მეტოქეობა გაუწიონ თანატოლებს. წელს რეგიონულ Spelling Bee -ში მონაწილეობა მიიღეს III-VIII კლასების მოსწავლეებმა თბილისისა და რეგიონების 46 სკოლიდან.
ზეინაბი აცხადებს, რომ აქამდე მსგავს კონკურსში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული, თუმცა მან გადაწყვიტა მონაწილეობა, შეავსო აპლიკაცია და წარმატებასაც მიაღწია. როგორც თავად ამბობს, ამან სტიმული მისცა, რომ მეტ მსგავს პროექტებსა და კონკურსებში მიიღოს მონაწილეობა.
,,როდესაც ჩემმა მასწავლებელმა გამაცნო პროექტი, დიდი ხალისით მივიღე ეს გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასდროს მიმეღო მსგავს კონკურსში მონაწილეობა. პროექტში მონაწილეობის მისაღებად ფორმა დიდი ენთუზიაზმით შევავსე. კონკურსი იყო არა მხოლოდ ჩემი უნარების გამოვლენის შანსი, არამედ ღირებული სასწავლო გამოცდილებაც. ამ წარმატებამ მეტი სტიმული მომცა მსგავს კონკურსებში მონაწილეობისა.
საბოლოო ჯამში მე გავხდი Spelling bee-ს რეგიონალური კონკურსის გამარჯვებული. კონკურსისთვის მოსამზადებლად ბევრი ვივარჯიშე. ასევე დამეხმარნენ ჩემი მასწავლებლი და თელავის ამერიკული თაროს მოხალისეები, რომლებმაც დიდი დახმარება გამიწიეს. თუ კიდევ მექნება მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, კვლავ ჩავერთვები მასში. გამოვიყენებ იმ ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას, რაც ამ კონკურსის მეშვეობით შევიძინე.
მომავლისთვის დიდი გეგმები მაქვს. მინდა რომ განათლებული და წარმატებული გავხდე, რათა ჩემი წილი აგური დავდო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ამჟამად, ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რა პროფესიას ავირჩევ, თუმცა ძალიან მაინტერესებს ბიზნესის სფერო”,- განუცხადა Knews.ge-ს ზეინაბ გაურგაშვილმა.