პარლამენტი დღესაც არ უშვებს ონლაინ მედიას შენობაში
რუსული კანონის საპარლამენტო განხილვების დაწყებიდან უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტი უარს ეუბნება ონლაინ მედიას, იმუშაოს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში.
პარლამენტი აცხადებს, რომ დღეს, 16 აპრილს შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდება. ამას საკანონმდებლო ორგანო უსაფრთხოების ყვითელ დონეს უწოდებს, რაც შენობაში ვიზიტორების შესვლაზე შეზღუდვის დაწესებას გულისხმობს. საგულისხმოა, რომ შალვა პაპუაშვილის ბრძანება ვრცელდება მხოლოდ ონლაინ მედიაზე და არ შეეხება ტელემაუწყებლებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გუშინ გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული პარლამენტში მიმდინარე დისკუსიაზე.
ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, გუშინ, 15 აპრილსაც უარი ეთქვა ონლაინ მედიას, რუსული კანონის შესახებ საკომიტეტო განხილვების გაშუქებაზე. ქარტია აღნიშნავს, რომ ონლაინ მედიის მიმართ დისკრიმინაციულია ის პრაქტიკა, რომელსაც მმართველი საპარლამენტო გუნდი ამკვიდრებს. ასევე, ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, შექმნას შენობაში ჟურნალისტებისთვის ხელშემწყობი სამუშაო პირობები, რათა მათ თავიანთი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელება შეძლონ.