გაძვირდება თუ არა კვერცხი წინასააღდგომოდ?
„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კვერცხზე ფასი არ გაიზრდება.
“ფასის ზრდა დაგეგმილი არ არის, წარმოება ისეა გათვლილი, რომ ამ ეტაპზე ყველა ქართული წარმოება გასულია თავის მაქსიმუმზე. იმპორტი რომ შემცირდებოდა, წინა წლის ბოლოს ვიცოდით. მოგეხსენებათ, რომ იმპორტირებული ყოველთვის ეძებს მიმზიდველ ბაზარს, როცა რუსეთში წარმოების კატასტროფული ვარდნა დაფიქსირდა, ამის ფონზე დეფიციტი შეიქმნა და ფასები გაიზარდა. ამ ფონზე თურქეთმა მთელი რესურსი მიმართა რუსეთისკენ. ამიტომ ვამბობთ სულ, რომ იმპორტის იმედად არ უნდა ვიყოთ და გამართლდა ეს მოლოდინი“, – განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
მწარმოებლების ინფორმაციით, კვერცხის წინასააღდგომოდ შეიძლება გაიაფდეს კიდეც. მართალია, წარმოებას ფასის კლების საფუძველი რეალურად ნაკლებად აქვს, თუმცა ფიქრობენ, რომ იმპორტირებულ კვერცხთან კონკურენციის გაწევა გაუჭირდებათ, ამიტომ ფასის დათმობა მოუწევთ.
„გაძვირება გამორიცხულია, საუკეთესო შემთხვევაში ფასს შევინარჩუნებთ, თუმცა ველოდებით იმპორტის მკვეთრ ზრდას, რაც ფასის კლებას გვაიძულებს. რა მაჩვენებლით დაკორექტირდება ფასი, ვერ გეტყვით, მაგრამ ცვლილება იქნება. მეტი ალბათობაა, რომ კვერცხი მცირედით გავაიაფოთ, რაც მომხმარებლისთვის კარგია, მაგრამ წარმოება ზარალდება“, – ამბობს ოთარ მუჩიაშვილი.