ყვარელში სასტუმრო “ბურკის ციხე-მარანი” სატესტო რეჟიმში გაიხსნა
ყვარელში სასტუმრო “ბურკის ციხე-მარანი” სატესტო რეჟიმში გაიხსნა. როგორც “ბიზნესპარტნიორთან” სასტუმროს გახსნის მენეჯერი – ნატალი სოხაძე აცხადებს, რამდენიმე დღის წინ გახსნილი ტურისტული ობიექტით დაინტერესება უკვე მაღალია.
მისივე თქმით, ინტერესი არის როგორც უცხოელებისგან, ასევე ქართველებისგან.
“სტუმრები უკვე გვყავდნენ როგორც ქართველები, ასევე უცხოელები, ვფიქრობ, რომ ზაფხულის სეზონზე სრულად დავიტვირთებით”,– აცხადებს ნატალი სოხაძე.
მისი ინფორმაციით, კომპანია ერთ კვირაში რესტორანსაც გახსნის, რომელიც 120 სტუმარზე იქნება გათვლილი.
“ობიექტი განთავსებულია სასტუმროს ბოლო სართულზე, რომელსაც აქვს ღია ტერასაც. რესტორანი გათვლილია როგორც კორპორატიულ საღამოებზე, ასევე ქორწილებზე და სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე”, – განმარტავს ნატალი სოხაძე.
გარდა ამისა, როგორც სასტუმროს გახსნის მენეჯერმა აღნიშნა, სასტუმროში არსებულ 25 ნომერს მალე 14 ინდივიდუალური კოტეჯი დაემატება და სტუმარს ორი სხვადასხვა ტიპის განთავსების ადგილიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა ექნება.
“სასტუმროს ყველა მხრიდან ლამაზი ხედები აქვს და მისი მდებარეობა უნიკალურია, სასტუმროს ოთახებიდან კარგად ჩანს ვენახები, მთები და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი, სადაც ტურისტებს გასეირნება შეუძლიათ. ეზოში გვაქვს ღია აუზი და ბარი, რომელიც სეზონზე გაიხსნება, გარდა ამისა სასტუმრო სტუმრებს გამორჩეული მარნით და უგემრიელესი ღვინით მოხიბლავს. სტუმრები მარანში ღვინის დეგუსტაციას და შეძენას შეძლებენ” – აღნიშნავს ნატალი სოხაძე.
ცნობისთვის, “ბურკის ციხე-მარანი” კახეთში, ყვარლის მიმდებარედ მდებარეობს.