საქართველოსა და პაკისტანს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
საქართველოსა და პაკისტანს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. შეთანხმება შეეხება იმ მოქალაქეთა მიმოსვლას, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს.
როგორც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნული შეთანხმება ძალაში 2024 წლის 2 აპრილიდან შევიდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 1.516 მლნ დოლარი იყო, აქედან ექსპორტი შეადგენდა 169.46 ათას დოლარს, იმპორტი კი 1.346 მლნ დოლარს.
ტოპ-5 პროდუქტი, რასაც პაკისტანში ვყიდულობთ:
ბრინჯი – 807.9 ათასი დოლარი
სატვირთო ავტომობილები – 134.2 ათასი დოლარი
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 69.53 ათასი დოლარი
ქსოვილები სინთეზური კომპლექსური ძაფისაგან – 61.78 ათასი დოლარი
ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა – 61.47 ათასი დოლარი
რაც შეეხება ექსპორტს, წელს ორ თვეში პაკისტანში ექსპორტზე მხოლოდ სამი პროდუქტი გავიდა, მათ შორის, რკინიგზის ან ტრამვაის ლოკომოტივების ან მოძრავი შემადგენლობის ნაწილები – 161.1 ათასი დოლარის ღირებულების, ლილვები ტრანსმისიური და მრუდმხარები – 8.28 ათასი დოლარის და ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი – 0.08 ათასი დოლარის ღირებულების.
2023 წლის სრული მონაცემებით კი, შარშან ორ ქვეყანას სავაჭრო ბრუნვა 7.334 მლნ დოლარს შეადგენდა, საიდანაც ექსპორტის მოცულობა იყო 851.8 ათასი დოლარი, იმპორტის კი 6.482 მლნ დოლარის.