ახალი ამბები

იყალთოს აკადემია – ფოტორეპორტაჟი

იყალთოს მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში.

მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები.

იყალთოს აკადემია XI-XII საუკუნეებში საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი იყო. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომლებიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია.

იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვა. აღნიშული თეორიული კურსების გარდა, მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვა.

გადმოცემით ცნობილია, რომ იყალთოს აკადემიამ ფუნქციონირება შეწყვიტა 1616 წელს, როდესაც შაჰ-აბასის შემოსევისას ხანძრით განადგურდა მონასტერი.

1921 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს განმეორებით ანაექსიის შემდეგ, იყალთოს მონასტერი დაკეტეს და ღვთისმსახურება აიკრძალა. 1965 წელს ე. წ. იყალთოს „სახალხო უნივერსიტეტის“ ინიციატივით ღვთაების მონასტერში მუზეუმი გახსნეს. 1991 წელს, კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ, იყალთოს მონასტრის ღვთაებისა და სამების ტაძრებში ღვთისმსახურება აღსდგა. 2004-2009 წლებში იყალთოს აკადემიას აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.