თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები
ანტიკორუფციული ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში წარდგენილია, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი.
2023 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დეკლარაცია წარადგინა 6 982-მა პირმა.
კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2023 წლის პირველ სექტემბრამდე, საჯარო სამსახურის ბიუროში მონიტორინგი დაიწყო სულ 500 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. აქედან, 40 იყო ყოფილი თანამდებობის პირი, ხოლო 27 – საიდუმლო თანამდებობის პირი.
„საჯარო სამსახურის ბიუროში 2023 წლის პირველ სექტემბრამდე 500 თანამდებობის პირის მიმართ დაწყებული შემოწმებიდან შედეგით დასრულდა 485 თანამდებობის პირის დეკლარაციის მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგად უარყოფითად შეფასდა 113 ქონებრივი დეკლარაცია, აქედან დაჯარიმდა – 109 და გაფრთხილდა – 4 პირი. დადებითად დასრულდა – 372 დეკლარაცია, 15 ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი შეწყდა, ხოლო ორ შემთხვევაში გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი.
2023 წლის განმავლობაში თანამდებობის პირების უარყოფითად შეფასებული 113 ქონებრივი დეკლარაციიდან:
38%-ს დარღვევა ჰქონდა უძრავი ქონების ნაწილში, სადაც გამორჩენილი იყო უძრავი ქონება ან/და არასწორად იყო მითითებული უძრავი ქონების რეალური ფართი;
68%-ის შემთხვევებში არასწორად ან/და შეცდომით სხვა თარიღის მონაცემით იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი, ასევე არ იყო მითითებული მულტისავალუტო ანგარიშების შემთხვევაში სხვა ვალუტის ანგარიშები ან/და მითითებული არ იყო საბანკო ანგარიშები;
29%-ის დეკლარაციაში არ იყო ასახული ინფორმაცია თანამდებობის პირის ან/და ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;
64%-ს არ ჰქონდა სწორად დაანგარიშებული ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი, ან არ იყო დეკლარირებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ დეკლარირებისათვის სავალდებულო ზღვარს;
64%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მისი და მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული შემოსავლის არასწორად დეკლარირების გამო;
81% დეკლარაციების უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო;
8% თანამდებობის პირების დეკლარაციების უარყოფითად შეფასება განაპირობა მათ მიერ დოკუმენტაციის კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობამ.