ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხის განხილვისას, ქალი დეპუტატების მისამართით გამოთქმულ უხამს და შეურაცხმყოფელ რეპლიკებს.

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პარლამენტის მიერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებისკენ მიმართული ინიციატივის განხილვას.

სახალხო დამცველმა არაერთხელ გაუსვა ხაზი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას.

„საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსის“ თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება.“ შესაბამისად, ყველა მსგავს შემთხვევაში უნდა მოხდეს შიდა მექანიზმის ამოქმედება და საკითხის განხილვა პარლამენტის მიერ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, არ გამოიყენონ სექსისტური თუ სხვა სახის დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი გამონათქვამები და საჯარო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან თანასწორობის პრინციპი.