პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიციამ გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივის გაკრიტიკებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაც გააპროტესტა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დაინიცირებას ეხება.
დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით განაცხადეს, რომ ეს არის „რუსული კანონი“, რამაც „ქართლი ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.
უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა განმარტონ, თუ რატომ უწოდეს აღნიშნულ კანონს „რუსული“ და ფინანსების დეკლარირება რატომ არის „რუსული საქმე“.
შელაპარაკება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარების განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. სხდომა ამ დროისთვის განახლებულია.