გიორგი ქოჩორაშვილი-ისტორიული მატჩის მონაწილე და გოლის ავტორი გურჯაანიდან
გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ისტორიული მატჩის მონაწილეა და მისმა გოლმა საბერძნეთთან გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, გურჯაანიდან არის.
გიორგი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში თამაშობს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. ის ასევე „ლევანტეს“ ფეხბურთელია. მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში შედგა 2020 წლის 12 ივლისს. ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში ის შეცვლაზე შევიდა რუბენ როჩინას ნაცვლად. შეხვედრა „ლევანტემ“ 1–2 დათმო. „ლევანტე“ ესპანური საფეხბურთო კლუბია ქალაქ ვალენსიიდან. დაარსდა 1909 წლის 9 სექტემბერს. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ სიუდად დე ვალენსიაზე, რომელიც 25 453 მაყურებელს იტევს.
2016–2017 წლებში, ის თამაშობდა საქართველო U19 წლამდელთა ნაკრებში, 2019 წლიდან კი საქართველო U21 წლამდელთა ნაკრებში. მისი ღირებულება 1 მილიონი ევროა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.
,,როდესაც თამაში მორჩა, უემოციოდ დავრჩი, რადგან დავიხარჯე თამაშის დროს ემოციურად. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ რა გავაკეთეთ და რამხელა ისტორია დაიწერა”,- განაცხადა ჟურნალისტებთან მატჩის მერე გიორგი ქოჩორაშვილმა.
მატჩის ბოლოს კლუბის მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გააკეთა კომენტარი. მან საუბრისას ყურადღება გიორგი ქოჩორაშვილზეც გაამახვილა.
„ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგი ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხდი, აქ მუშაობა მიხარია.
რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგს მივაღწიეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, მაგრამ გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოდის, ხან – არა, მოთმინება ამიტომაა საჭირო. მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი – გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს.
პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია, ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. ის დიდი ხანია არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლებია, გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.