სოფელ კაბალის მოსახლეობა მდინარე კაბლის ხევზე ჯებირების მოწყობას ითხოვს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის მოსახლეობა მდინარე კაბლის ხევზე ჯებირების მოწყობას ითხოვს.
ადგილობრივები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას უჩივიან და ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემით არ ინტერესდება.
“ყოველ უამინდობაზე მდინარე მიწებს გვტაცებს. სახლებს აზიანებს და ამდენ ზარალს გვაყენებს. სარწყავი სისტემა სულ დაანგრია, ამ სისტემით თითქმის ნახევარი სოფელი სარგებლობს. ათეულობით სახლს ამ წუთებშიც ემუქრება საფრთხე, რადგან მდინარემ საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი წაიღო. მოგვაქციონ ყურადღება, სანამ სახლების გარეშე დავრჩენილვართ”,– ამბობენ ადგილობრივები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია.
“ამ პრობლემას კარგად ვიცნობთ, ეტაპობრივად მისი მოგვარება მიმდინარეობს. სარწყავი სისტემის შესახებ, მელიორაციას ჩავაყენებთ საქმის კურსში და მისი აღდგენა მოხდება. ჯებირებს რაც შეეხება, ამაზეც ვმუშაობთ. ბევრ მდინარეზეა სამუშაო ჩასატარებელი, ყველა ერთნაირად ვერ გაკეთდება”,– განაცხადა მდივნიშვილმა.
პრობლემის მოუგვარებელობის შემთხვევაში, კაბალის მოსახლეობა საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს. უკვე რამდენიმე დღეა, კახეთში წვიმიანი ამინდია, რამაც მდინარეების მოვარდნის საფრთხე გარკვეულწილად გაზარდა.