ახალი ამბები

ლაგოდეხში მოქმედი ბუტიკური სტილის სასტუმრო-კომპლექსი, ახალი კოტეჯების დამატებას გეგმავს

ბუტიკური სტილის სასტუმრო-კომპლექსი Duende, რომელიც ბაზარზე 10 წელია ოპერირებს და ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ხიზაში მდებარეობს, წლის ბოლომდე ახალი კოტეჯების დამატებას გეგმავს.

როგორც კომპანია “აბაკი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა თორნიკე კიკნაველიძემ განაცხადა, კომპლექსი ამ დრომდე უცხოელების მფლობელობაში იყო, ხოლო 2 თვის წინ, “აბაკი ჰოლდინგმა” ნახევარი მლნ დოლარის სანაცვლოდ შეიძინა.

„პანდემიამდე ჩემი ოჯახი ტურიზმის სექტორით იყო დაკავებული, პანდემიის დაწყების შემდეგ, ჩვენს საკუთრებაში არსებული ყველა ობიექტი გავყიდეთ და სრულად ქსელურ მარკეტებზე გადავერთეთ, პარალელურად ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას ვმართავთ. თუმცა, წლების განმავლობაში ვცდილობდით, რაიმე გზით ტურიზმის სექტორს დავბრუნებოდით. შესაბამისად, 2 თვის წინ ძველი მფლობელებისგან ეს ტურისტული ობიექტი შევიძინეთ და მის განვითარებაზე მუშაობა დავიწყეთ.

სასტუმრო-კომპლექსი კომპანია “აბაკი ჰოლდინგის” მფლობელობაშია, რომელშიც სამი პარტნიორია გაერთიანებული.
ტერიტორიაზე განთავსებულია სასმელი წყლის ჭა, საიდანაც კოტეჯებს სუფთა წყალი მიეწოდება. კომპლექსი ასევე დენითა და გაზით არის უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემა საერთოდ არ არსებობდა, რაც სრულად აღმოფხვრილია და დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის საკანალიზაციო სისტემაა განთავსებული, რომელიც 98%-მდე ფილტრაციას უზრუნველყოფს.


გვაქვს 2 და 4 კაციანი 6 კოტეჯი, რომელშიც ერთი ღამით განთავსება, საუზმით ამჟამად 368 ლარი ღირს, ხოლო ივნისიდან, მათი ღირებულება 425 ლარი იქნება. კოტეჯები ერთმანეთისგან საკუთარი იზოლირებული სივრცეებით არის გამოყოფილი, რათა უფრო მყუდრო გარემო შეიქმნას დასასვენებლად. ამასთან, ყველა კოტეჯს საკუთარი ვერანდა და ქვის ბუნებრივი ჯაკუზი აქვს, რომელიც შეშის ღუმელით თბება და მისით სარგებლობა ღირებულებაში შედის.
ჩვენი მიზანი შუაგულ ტყეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენების შესაძლებლობის მიცემაა ადამიანებისთვის,“- აცხადებს BM.GE-სთან კიკნაველიძე.

მისი ინფორმაციით, კოტეჯები ამ დრომდე ზამთრის სეზონის გამოტოვებით ფუნქციონირებდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი მფლობელების მიზანს, კოტეჯების ოთხივე სეზონზე ფუნქციონირება წარმოადგენს, ზამთრის სეზონისთვის ყველა კოტეჯში დეკორატიული შეშის ბუხრების განთავსება იგეგმება.
რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

როგორც სასტუმრო-კომპლექსის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, პირველ ეტაპზე 100 000 დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.

კიკნაველიძის განმარტებით, ისინი მთლიანად ექსტერიერის სრულად მოწყობაზე არიან გადართული. კერძოდ, სასტუმრო-კომპლექსის ტერიტორიაზე რუ ჩამოდის, რომელშიც დეკორატიული თევზების გაშვება იგეგმება, ამასთან შუშის ორანჟერეის მოწყობაცაა დაგეგმილი, სადაც ადამიანები სხვადასხვა კონფერენციებისა თუ შეხვედრების გამართვას შეძლებენ.

ტურისტულ ობიექტში გარდა განთავსების სივრცეებისა, ღვინის მარანი და ქართული ეთნო სივრცეა მოწყობილი, სადაც მომხმარებლებს ღვინის დეგუსტაციისა და ქართული კერძების მომზადების შესაძლებლობა აქვთ.

რაც შეეხება დასაქმებულებს, საერთო ჯამში, კომპლექსში 8 ადგილობრივი კადრი ჰყავთ დასაქმებული, ხოლო 2 ადამიანი სავარაუდოდ თბილისიდან უნდა დაასაქმონ.