ახალი ამბები

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციია რეგიონებში საერთაშორისო მასტერკლასებს ატარებს

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნაწილაკების ფიზიკაში მასტერკლასი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების წარჩინებულმა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა.

CERN- ის საერთაშორისო მასტერკლასის სესიებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ალექსანდრე შარმაზანაშვილი უძღვებოდა.

“ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდები მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა კვლევებს გაეცნონ. აქამდე სულ თბილისის სკოლების მოსწავლეებთან ვატარებდით. ახლა რეგიონებში გამოვედით და თელავში დაგვხვდნენ ყველაზე საუკეთესო მოსწავლეები, მათ შორის, ვინც კი შემხვედრია”
-განაცხადა შარმაზანაშვილმა.

სესიების დასასრულს ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციიდან კითხვა- პასუხის რეჟიმში გამართულ ვიდეო -კონფერენციას ესწრებოდნენ მოსწავლეები ბონიდან, დრეზდენიდან და რომიდან.

მასტერკლასი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციის „ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფი“ (IPPOG) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

IPPOG -ის კოლაბორაციის სრულუფლებიან წევრად, საქართველო 2019 წლიდან ირიცხება.