ტყეში კენკრის და სხვა რესურსების კომერციული შეგროვების უფლება ₾200 ღირს
2022 წლის მაისიდან, კენკრის, სამკურნალო მცენარეების და ტყის სხვა რესურსების შესაბამისი ნებართვის გარეშე კომერციალიზაცია აიკრძალა.
მსურველმა არამერქნული რესურსის მოპოვების ერთწლიანი უფლების მისაღებად 200 ლარი უნდა გადაიხადოს, ყოველ 1 კგ. შეგროვებულ კულტურაზე კი მოსაკრებელი 1 თეთრია.
BMG-ს ინფორმაციით, ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამ დრომდე, ტყის არამერქნული რესურსის მოპოვებაზე 46 ბრძანებაა გაცემული. დოკუმენტის გაცემისთვის კი სააგენტოში 9 200 ლარია შესული.
უწყების თანახმად, საკითხთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან, რაიმე სახის სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. ამასთან, როგორც BMG-ს სააგენტოში განუცხადეს, ახლო მომავალში მოქმედი ტარიფების გადახედვა არ იგეგმება.
ტყის არამერქნული რესურსებით (კენკრა, სამკურნალო მცენარეები და სხვა) კომერციული სარგებლობა ერთ-ერთი საკითხია, რომელიც 2022 წლის მაისიდან, “ტყითსარგებლობის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის N221 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, დარეგულირდა. ბიზნეს სუბიექტს შეუძლია მიმართოს ტყის მართვის ორგანოს და მოითხოვოს არამერქნული რესურსის მოპოვების ერთწლიანი უფლება, რის სანაცვლოდაც 200 ლარს იხდის. ტყის მართვის ორგანო ასევე უფლებამოსილია გასცეს ცნობა, რომ ესა თუ ის სუბიექტი უფლებამოსილია ტყეში რესურსის მოპოვებაზე, ცნობის საფასური 50 ლარია. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის პირადი სარგებლობისთვის არამერქნული რესურსი კვლავ უნებართვო და უსასყიდლოა.
აღსანიშნავია, რომ ტყის კოდექსსა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესული ცვლილებების შედეგად, ასევე გათვალისწინებულია 2026 წლიდან ე.წ. სოციალური ჭრის აკრძალვა. შესაბამისად, მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის და საშეშე მასალის ყიდვა ე.წ. საქმიან ეზოებში მოუწევთ.