ახალი ამბები

პირველი სურსათის ბანკი საქართველოში ფუნქციონირებას რამდენიმე თვეში დაიწყებს

პირველი სურსათის ბანკი საქართველოში ფუნქციონირებას რამდენიმე თვეში დაიწყებს, რის შემდეგაც, საკვებად ვარგისი სურსათი აღარ გადაიყრება და ის მოწყვლად მოსახლეობას მიეწოდება.

სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაცია People In Need პროექტს სახელწოდებით – “მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” იწყებს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა პირველი სურსათის ბანკის პროექტი. მთლიანად ეს პროექტი ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ People In Need-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სოფია ჯანჯუამ განუცხადა, მათი მიზანია შეამცირონ სურსათის ნარჩენები და სათბური აირების გამოყოფა საქართველოში. გარდა ამისა, პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერებაც წარმოადგენს, რათა მათ შეძლონ მოწყვლადი მოსახლეობის იდენტიფიცირება და უზრუნველყონ მათთვის საკვების გადანაწილება, ასევე ითანამშრომლონ ადგილობრივ ფერმერებთან და აწარმოონ სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები.

„აღსანიშნავია, რომ პირველი სურსათის ბანკი საპილოტე რეჟიმში ფუნქციონირებას 2025 წლიდან დაიწყებს და ეს ვადებში დაემთხვევა საქართველოში “სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ” ახალი კანონის სრულად ამოქმედებასაც, რომელიც ძალაში ასევე 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა. პირველი სურსათის ბანკის საქმიანობისთვის, საწყის ეტაპზე, საპილოტე რეგიონად წყალტუბოს მუნიციპალიტეტი შეირჩა, სადაც მოსახლეობის სურსათზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება და ბენეფიციარებს საკვები მიეწოდებათ“, – აღნიშნავს სოფია ჯანჯუა.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს „სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ -ის ასევე ევროკავშირისა და გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა და პროექტის ავტორების თქმით, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქვეყნისთვის, რომ ერთი მხრივ ბიზნესსექტორი ქველმოქმედებაში ჩაერთოს, მეორე მხრივ კი ის ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვევით არიან, საკვებით მომარაგდნენ. კანონპროექტი მთლიანად ნებაყოფლობითი იქნება და მასში ჩართვას ბიზნესი საკუთარი სურვილისამებრ შეძლებს. გარდა საქველმოქმედო მიზნებისა, ბიზნესსექტორს ფინანსური ინტერესიც ექნება და ის საგადასახადო შეღავათებს მიიღებს. მათ შორის, შემცირდება ბიზნესის მიერ საგადასახადო უწყებისთვის წარსადგენი დეკლარაციისთვის საჭირო თანხა.

შეგახსენებთ, სურსათის დანაკარგები მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური გამოწვევაა და ამას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითისთვის, 2019 წელს, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 931 მილიონი ტონა სურსათის ნარჩენი დაგროვდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიოში წარმოებული სურსათის 17% იფლანგება. ცხადია, საქართველოც არ არის გამონაკლისი და ყოველწლიურად ძალიან დიდი რაოდენობის სურსათი მიდის ნაგავსაყრელზე.