თვითმფრინავის მგზავრის სიმთვრალეზე შემოწმებასთან დაკავშირებით საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებები შემოდის
თვითმფრინავის მგზავრის სიმთვრალეზე შემოწმებასთან დაკავშირებით საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებები შემოდის.
კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, თუ აქამდე ეკიპაჟის წევრების სიმთვრალეზე შემოწმების უფლება ავიაკომპანიებს ჰქონდათ, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახლა ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი განახორციელებს.
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები უზრუნველყოფენ სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას შესაბამისი დოკუმენტების, ადგილზე არსებული მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით.
საინსპექციო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორები უფლებამოსილნი არიან ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდნენ ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, საჰაერო ხომალდებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვონ საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმონ ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები და ტექნიკური მოწყობილობები.
საქართველოს საჰაერო კოდექსში ინიცირებული ცვლილება, ითვალისწინებს ეკიპაჟის წევრების ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმების დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებას სააგენტოს იმ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ უშუალოდ საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებას და როგორც საჰაერო ხომალდის, ისე მისი ეკიპაჟის წევრების ინსპექტირებას.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის, ისე მომსახურე ეკიპაჟის წევრები ექვემდებარებიან სავალდებულო სამედიცინო სერტიფიცირებას, რაც ითვალისწინებს აუცილებელ გამოკვლევებს, სამედიცინო შემოწმებას და ვარგისობის შეფასებას. პროცესზე ზედამხედველობას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს.
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე, საჰაერო ხომალდის ბაქანზე ეკიპაჟის წევრების ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმებას უზრუნველყოფს მხოლოდ ავიაგადამზიდველი. საავიაციო უწყების მიერ აღნიშნული შემოწმების ჩატარება ახლადდანერგილი პრაქტიკაა ევროკავშირში. საქართველოს მიერ, შემოწმების აღნიშნული მექანიზმის დანერგვის მიზანია ფრენის უსაფრთხოების შემდგომი გაუმჯობესება და ალკოჰოლის მიღების შედეგად გამოწვეული მენტალური ან ქცევითი მოშლილობის დამატებითი პრევენცია, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ეკიპაჟის წევრების მიერ საჰაერო ხომალდის მართვისა და მომსახურების ფარგლებში განსაზღვრული მოვალეობების ჯეროვან შესრულებას.
ზემოთ დასახელებულ მიზნების მიღწევასთან ერთად, ცვლილების დანერგვა, ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის საავიაციო სტანდარტებთან დაახლოებას, რასაც სააგენტო ეტაპობრივად უზრუნველყოფს ევროკავშირთან არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმების ფარგლებში.
საჰაერო კოდექსში ინიციირებული ცვლილებების პროექტის განხილვა და მიღება ხდება კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლით“,- აღნიშნავენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.