რა უნდა იცოდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი კახეთის მხარეში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება, რასაც არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი ქვის, ბრინჯაოს, რკინის ხანის, ანტიკური და ადრინდელი ქრისტიანული პერიოდის მრავალი ძეგლი ადასტურებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა ხორნაბუჯისა და ხორანთის ნაქალაქარები. რაიონის ტერიტორია საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული პროვინციის – კამბეჩოვანის შემადგენლობაში შედიოდა. იგი პერიოდულად ხან ჰერეთის, ხანაც კახეთის სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ ყარაღაჯ-დედოფლისწყაროს მიმართულებას დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა დაღესტან-ლეკეთისა და ჭარ-ბელაქნის მხრიდან შემოსული მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დედოფლისწყაროში მუდმივად მეფის რუსეთის ჯარის ნაწილები იდგა. სამხედრო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ კი ოფიცერთა და ჯარისკაცთა უმეტესი ნაწილი მუდმივ საცხოვრებლად რჩებოდა. 1889 წელს მეფის მთავრობამ შირაქში რუსების გადმოსახლება გადაწყვიტა. ამან ქართველ მთიელთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია და მათ, ვაჟა-ფშაველას ინიციატივით, შირაქში ჩამოსახლება და დამკვიდრება დაიწყეს. 1915 წელს ვაჟა-ფშაველამ ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიიდან ნიში ჩამოატანინა და მცირე ეკლესია ააშენა, აქ დღესაც აღნიშნავენ ლომისობას. დედოფლისწყარო ცალკე რაიონი 1938 წელს გახდა. 2005 წლიდან მას მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. დღესდღეობით რაიონში ფუნქციონირებს მუზეუმები, სამხატვრო სკოლები, საავადმყოფო, პოლიკლინიკა და სხვა დაწესებულებები. დედოფლისწყაროში განვითარებულია სოფლის მეურნეობა. წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეცხოველეობა და სხვა. მუნიციპალიტეტზე არის ნავთობისა და საბადოები. დედოფლისწყარო ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამორჩეული რაიონია და დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. მას ყოველწლიურად უმრავი მოგზაური სტუმრობს.
გეოგრაფია და კლიმატი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი კახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი დედოფლისწყარო. იგი შემდეგ ადმინისტრაციული ერთეულებად იყოფა: ქალაქი დედოფლისწყარო, არბოშიკი, არხილოსკალო, გამარჯვება, ზემო მაჩხაანი, ზემო ქედი, მირზაანი, ოზაანი, საბათლო, სამთაწყარო, სამრეკლო, ფიროსმანი, ქვემო ქედი, ხორნაბუჯი. მუნიციპალიტეტს დასავლეთით და ჩრდილოეთით სიღნაღი ესაზღვრება, აღმოსავლეთითა და სამხრეთით კი აზერბაიჯანის რესპუბლიკა. დედოფლისწყარო კახეთის ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი ივრის ზეგანს უჭირავს, რომელიც უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ელდარის დაბლობში გადადის.
ელდარის დაბლობი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ნახევარუდაბნოს ნამდვილი ლანდშაფტია განვითარებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოდის გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოება, ასევე ალაზნის ვაკე სოფელ სამთაწყაროსა და მდინარე აგრიჩაის შესართავს შორის. დედოფლისწყაროში ჰიდროლოგიური ქსელი ალაგ-ალაგ არის განვითარებული. აქ მხოლოდ პატარა მოკლე პერიოდული ხასიათის მდინარეებს ვხვდებით. რაიონში მიედინება მდინარეები: ალაზანი, იორი, ველიჯვარი, ლეკისწყალი, უზუნდარასხევი, ქუშისხევი, ღორისწყლისხევი, ყუმურისხევი, პანტიშარისხევი და სხვა.
მუნიციპალიტეტში გვხვდება ტბებიც, აღსანიშნავია: ქოჩების ტბა და პატარა ტბა. დედოფლისწყარო ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ გვხვდება ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, აგრეთვე უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგეკლიანი სტეპური, ჰემიქსელური მეჩხერი ტყეები და ჭალის ტყეები.
უნდა აღინიშნოს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც განუმეორებელი ლანდშაფტებით ხასიათდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია: გრაკლა, ბალღოჯი, აკაკი, შავჯაგა, ბროწეული და სხვ. ძუძუმწოვართაგან გვხვდება ზოლებიანი აფთარი, ქურციკი, ფოცხვერი, ტურა, მელა, მგელი, ლელიანის კატა, დედოფალა, მაჩვი და სხვა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი ტიპის ჰავაა ჩამოყალიბებული, სამხრეთით ცხელზაფხულიანი ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, ჩრდილოეთ ნაწილში კი – ზომიერად ნოტიო ჰავა. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,3 °C.
რას ნახავთ დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ბუნების მრავალფეროვნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. რაიონში უნიკალური ლანდშაფტი გვხვდება. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, სადაც გაშლილ ველებს, ალესილებს, უდაბნოს, ტალახის ვულკანებს, იშვიათ ფლორასა და ფაუნას შეხვდებით. აღსანიშნავია ასევე ჭაჭუნას აღკვეთილი. ეგზოტიკური სანახაობაა ტახტითეფას ტალახის ვულკანები. ულამაზეს სანახაობას ქმნის გაშლილ სივრცეში ლურჯად მოელვარე დალის წყალსაცავი.
ბუნების მოყვარულთათვის საყვარელ ადგილს წარმოადგენს არწივის ხეობა, სადაც ორბებზე, არწივებსა და სხვა ფრინველებზე დაკვირვებასაც შეძლებთ. გარდა ბუნების სილამაზისა დედოფლისწყარო კულტურული ძეგლებითაც მდიდარია. აქ სხვადასხვა პერიოდის ძეგლები გვხვდება, უძველესი დროიდან შუასაუკუნეებამდე. რაიონში შეგიძლიათ ნახოთ უძველესი ნამოსახლარები, როგორიცაა: ნაზარლების, კარსისწყლისა და დიდი შირაქის ველის ნამოსახლარები და ა.შ, ასევე შუასაუკუნეების ტაძრები და ციხე-სიმაგრეები.
უმნიშვნელოვანესი ძეგლია ხორნაბუჯის ციხე-ქალაქი, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს და ამავე დროს შესანიშნავი ხედებითაც გამოირჩევა. აღსანიშნავია ასევე ოზაანის ამაღლების ტაძარი, მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია და ვრცელ ველზე ამოზრდილ კლდეზე ბუდესავით მიშენებული ელიას მონასტერი. დედოფლისწყაროში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმში დაცული მასალა მოიცავს პერიოდებს ძვ. წ. VI–I საუკუნეებიდან გვიანფეოდალურ ხანამდე. აქ ნახავთ საბეჭდავებს, სამკაულებს, თიხის ჭურჭელს, ბრინჯაოს ნივთებს, საკულტო სკულპტურებს, კამეჩის ნიღბებს, სკვითური ისრისპირებს, ნუმიზმატიკასა სხვა საინტერესო ექსპონატებს.
წყარო:Georgian Travel Guide