გაიცანით ნინო მარკოზაშვილი თელავიდან, რომელიც იაპონურ დესერტს ამზადებს
თელავში მცხოვრები ნინო მარკოზაშვილი, ცნობილ იაპონურ ტკბილეულს, ,,მოჩის ნაყინს“ აკეთებს და ადგილზე ყიდის. მიუხედავად იმისა, რომ მან აღნიშნული საქმიანობა ცოტა ხნის წინ დაიწყო, მომხმარებლების მოწონება უკვე დაიმსახურა.
ახალგაზრდა ამ დროისთვის მომხმარებელს 5 სხვადასხვა გემოს ,,მოჩის’’ სთავაზობს და როგორც თავად ამბობს, ყველაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
,,დავიბადე და გავიზარდე თელავში. მყავს მეუღლე და 2 შვილი. ვსწავლობდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტზე, მაგრამ პრობლემური ორსულობის გამო, თბილისში სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი. 6 წლის შემდეგ ჩავაბარე თელავის სახელობის უნივერსიტეტში, დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე. ამ დროისთვის უკვე მქონდა პროფესია და სწავლასთან ერთად პარალელურად ვმუშაობდი სალონში, ფრჩხილის სპეციალისტად.
5 წელი ვიმუშავე ამ პროფესიით და პირადი პრობლემების გამო შევწყვიტე ამ სფეროში მოღვაწეობა. ბევრჯერ ვცადე გაგრძელება, მაგრამ ისეთი ენთუზიაზმით სავსე ვეღარ ვიყავი, როგორიც თავიდან. შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ გავხსენით მაღაზია, მაგრამ პანდემიის გამო მალევე მოგვიწია მისი დაკეტვა და პროდუქციას ონლაინ ვყიდიდით, პანდემიის დროს შემეძინა მეორე შვილი და მას შემდეგ ვეძებდი ისეთ საქმიანობას, რისი კეთებაც სახლში იქნებოდა შესაძლებელი.
ბევრი იდეა მქონდა, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარება, ,,მოჩის’’ მომზადება და სახლიდან რეალიზაცია გადავწყვიტე. ამ დროისთვის ვამზადებ 5 სხვადასხვა გემოს ,,მოჩს’’, მაგრამ ახლო მომავალში მრავალფეროვანი არჩევანი მექნება, ვმუშაობ ამ საკითხზე’’,- აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას ნინო მარკოზაშვილი.
ახალგაზრდა ამბობს, რომ 2 კვირის წინ შექმნა სოციალურ ქსელში გვერდი “ნუცას მოჩი თელავში” და საკუთარი ნამუშევრების ფოტო გამოაქვეყნა. მისი განმარტებით, ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და შეკვეთების რაოდენობაც იზრდება.
,,ვერც კი წარმოვიდგენდი ისეთი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი მსურველია, რომ დააგემოვნონ ,,მოჩი’’. ამ ყველაფერმა, ის მოტივაცია, რითიც ამ საქმიამობას შევუდექი, გამიასმაგა. ასევე მომხმარებლების უკუკავშირი, ის ემოცია რასაც უკვე დაგემოვნების შემდეგ მიზიარებენ, არის ჩემთვის შეუფასებელი. ყველაფერი ეს მაძლევს ბიძგს და ენერგიას, რომ ამ საქმეში ყოველდღე დავიხვეწო და საუკეთესო და ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზო მომხმარებელს. დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის ეს ყველაფერი, რადგან ირჩევენ ჩემს პროდუქციას, მენდობიან და საფასურს იხდიან,მ ე ვალდებული ვარ ბოლომდე დავიხარჯო. მიწევს ღამეების თენებაც, მაგრამ ამ ყველაფერს ვალდებულებების გამო არ ვაკეთებ, არამედ იმიტომ რომ, მე ეს მსიამოვნებს და მაბედნიერებს. ამჟამად 1 ცალი მოჩის ღირებულება 3.50 ლარია. ეს ფასი დამოკიდებულია იმ ინგრედიენტების ფასზე, რასაც ვიყენებ’’,- აცხადებს ნუცა.
ნუცა ამბობს, რომ დამზადებულ პროდუქციას ძირითადად ინტერნეტით ყიდის. Knews.ge-სთან საუბრისას ის ასევე მუშაობის პროცესში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას.
,,რაც მაფერხებს ის არის, რომ ყველა ინგრედიენტს თელავში ვერ ვყიდულობ და მიწევს საზღვარგარეთიდან გამოწერა. თელავში ჩემდა გასაკვირად პირველივე დღიდან შეკვეთები არ წყდება. შეკვეთებს ვიღებ ონლაინ, მომხმარებელი ადგილზე თვითონ მოდის შეკვეთის წასაღებად, თუ ვერ ახერხებს, მე ან ჩემს მეუღლეს მიგვაქვს სასურველ მისამართზე.
“ნუცას მოჩის” ხარისხი მაღალია, რადგან დაბალი ხარისხის და იაფასიანი ნედლეულით ასეთ გემრიელობას ვერ მივიღებ. ფერებს ვაძლევ ნატურალური წვენების დახმარებით და თუ არ არის სასურველი ფერი, ვუმატებ უმნიშვნელო ოდენობის საკვებ საღებავს. ამ დროისთვის მხოლოდ ის მაფერხებს, რომ თუნდაც ერთი ინგრედიენტის საყიდლად შეიძლება 5 ან 6 მაღაზიაში მომიწიოს მისვლა, რაც დიდ დროს მაკარგვინებს.’’
მოჩი უგემრიელესი იაპონური დესერტი.ის რბილი და საღეჭი ბრინჯის ნამცხვარია, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. მკვლევრების ვარაუდით, მოჩის ისტორია ძველ ჩინეთში იწყება, სადაც ის დაფქული ბრინჯისგან მზადდებოდა. ამ პროდუქტმა მე-8 საუკუნეში იაპონიაში ზღვის გავლით ჩააღწია და მას შემდეგ გახდა იაპონური სამზარეულოსა და კულტურის განუყოფელი ნაწილი.
თავდაპირველად, მოჩი განსაკუთრებული შემთხვევებისა და რელიგიური ცერემონიებისთვის განკუთვნილ დელიკატესს წარმოადგენდა. შემდეგ კი ის ნელ-ნელა გადაიქცა ისეთი დღესასწაულების ნაწილად, როგორიცაა იაპონური ახალი წელი, ქორწილები და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები. მოჩის ნაყინმა პოპულარობა 1990-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში.
დროთა განმავლობაში, სხვა კომპანიებმა და ბრენდებმა დაიწყეს მოჩის ნაყინის საკუთარი ვერსიების შეთავაზება, გააფართოვეს გემო, ვარიანტების სპექტრი და მოჩის ფასი უფრო ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. ის პოპულარული დესერტი გახდა აზიის და მთელი მსოფლიოს სასურსათო მაღაზიებსა და სპეციალიზებულ დესერტების მაღაზიებში.