ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევა და გვერდის ავლა დასჯადი გახდა
ევროპარლამენტმა 12 მარტს კენჭისყრით დაამტკიცა კანონი, რომლითაც ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევა და გვერდის ავლა დასჯადი ხდება.
კერძოდ, გავრცელებული ტექსტის მიხედვით, სანქციების არიდების კრიმინალიზაცია ამარტივებს იმ აქტივების კონფისკაციას, რომლებიც სასანქციო შეზღუდვებს ექვემდებარება.
ახალი კანონი სანქციების დარღვევას განსაზღვრავს და მისი დასჯის პრინციპებს ადგენს. განზრახ დარღვევის გარდა, დასჯადი ხდება იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საქონლით ვაჭრობა გულგრილობის გამო.
კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოეთხოვებათ, მიიღონ ეროვნული კანონები, რომლებიც ამ ზოგად წესს შეესაბამება. კერძოდ, სანქციების გვერდის ავლა უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად, რომელიც არაუმეტეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამასთან, წევრი ქვეყნების ეროვნულმა კანონებმა სანქციების არიდების შედეგად მიღებული შემოსავლის კონფისკაცია უნდა უზრუნველყონ.
მათ შორის, ეს ეხება აქტივებს, რომლებიც სანქციების არიდებისთვის გამოიყენება. კერძოდ, ევროკავშირის სახელმწიფოებს საშუალება ეძლევათ, კონფისკაციას დუქვემდებარონ იმ რუსი მეწარმეებისა და კომპანიების ქონება, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი.
ახალი კანონის მიღების ერთ-ერთ მიზნად მოსკოვსა და რუს ოლიგარქებზე სანქციების ზეწოლის გაზრდა დასახელდა.
დოკუმენტს ევროპარლამენტის 543-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 45 წინააღმდეგი იყო, 27-მა კი თავი შეიკავა.
დოკუმენტი ოფიციალურად ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, ხოლო გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ ამოქმედდება. ამის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებს ექნებათ ერთი წელი, რომ ახალი კანონი პრაქტიკაში დანერგონ.