სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა გაგრძელდება
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური დაუცველი ოჯახების დასაქმების პროგრამას გააგრძელებს.
ამის შესახებ განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„ამაზე რაიმე საპირისპირო გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მიღებული და ბუნებრივია, რომ ეს გრძელდება“, – განაცხადა სამინისტროში დღეს პირველად მისულმა მიხეილ სარჯველაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იმის შესახებ, რომ სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამით სამუშაო ადგილები ხელოვნურად იქმნებოდა და გაგრძელდება თუ არა აღნიშნული სამთავრობო პროგრამა, ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა შეფასებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
„მეჩვენება, რომ ასეთი განცხადებები იყო პოლიტიკურად მოტივირებული და მიკერძოებული, იმისთვის რომ გარკვეული ინიციატივების დისკრედიტაცია მოეხდინათ, რომლის მიზანი იმ მოქალაქეების ხელშეწყობაა, რომელიც შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან, ასე რომ ასეთ ხმამაღალ მეტაფორებს არ გამოვიყენებდი და უფრო მშვიდად გავაანალიზებდი ყველაფერს რაც არის“, – განაცხადა მინისტრმა.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის მიზნით, საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტში მთავრობის მაშინდელი მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო. სოციალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა. სამთავრობო პროგრამის წესების თანახმად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან კერძო სექტორში დასაქმების მიუხედავად, ასევე დასაქმების ფორმალიზების მიუხედავად, სოცდაუცველებს საარსებო შემწეობა გარანტირებულად 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაზე 2022 წელს 39.8 მლნ ლარი იყო მიმართული, 2023 წელს კი 97 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს პროგრამაზე ბიუჯეტიდან 103 მლნ ლარი დაიხარჯება.