გაიცანით წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ბოდბისხევიდან
ანამარია ხინჩიგაშვილი და 14 წლის ვიკა ტუხაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სხვადახვა წონით და ასაკის კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
გოგონების მწვრთნელი, ჯონი ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდები ბავშვობიდან ვარჯიშობდნენ და წელს საუკეთესო შედეგები აჩვენეს
,,ანამარია ხინჩიგაშვილი ახლა 12 წლისაა, სოფელ ბოდბისხევიდან. როცა ვარჯიში დაიწყო ის 9 წლის იყო. თავდაპირველად მისი ძმა ვარჯიშობდა და მასაც გაუჩნდა სურვილი სპორტით დაკავებულიყო.
მისი ოცნება და მიზანია მსოფლიო ჩემპიონობა, რისთვისაც ძალიან ბევრს შრომობს. მართალია, წინა წელს საქართველოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა, თუმცა მას შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, თავდაუზოგავად შრომობდა და ამ წელს 23-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონობაც იზეიმა და საქართველოს ნაკრების წევრი გახდა.
ანამარიას ამ მედლის გარდა, კიდევ უამრავი მედალი და თასი აქვს, რომელიც ტურნირებზე მოიპოვა. მისი სამომავლო მიზანია ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა, რისთვისაც თავს არ ზოგავს”,- აცხადებს მწვრთნელი.
სოფელ ბოდბისხევში მცხოვრები კიდევ ერთი ახალგაზრდა გახდა საქართველოს ჩემპიონი. 14 წლის ვიკა ტუხაშვილმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.
,,ვიკა ტუხაშვილმა ვარჯიში 3 წლის წინ დაიწყო, ბოდბისხევის საჭიდაო დარბაზში, ძმასთან ერთად. 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატზე ის 23-წლამდელთა შორის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ასევე მას სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის შედეგად უამრავი მედალი და თასი აქვს მოპოვებული. 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატზე ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მეტოქე დასაქართველოს ჩემპიონი გახდა.
ის მალე საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებთან ერთად გაემგზავრება საზღვარგარეთ და იქიდან ეცდება გულშემატივრების გახარებას. ვიკას მიზანია მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონობა, რითაც გაახარებს ოჯახსა და სამშობლოს”,- აცხადებს ჯონი ქვრივიშვილი.
გოგონების მწვრთნელის ჯონი ქვრივიშვილის შესახებ სოფელში აცხადებენ, რომ ის არამარტო გამოცდილი სპორტსმენია, არამედ ის არის ადამიანი, რომელიც ახალგაზრდებს ვარჯიშსა და გადაადგილებაში ხშირად საკუთარი ფინანსებით ეხმარება.
,,ჯონი ქვრივიშვილი სოფლისა და მუნიციპალიტეტის საამაყო ადამიანია. ის არის წარმატებული სპორტსმენი და მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში, რომელმაც უამრავი ჩემპიონი გაუზარდა ქიზიყს. ის ძალისხმევას არ იშურებს ბავშვების მომზადებაში.
დილიდან საღამომდე დარბაზში ატარებს დროს, რომ წარმატებული მოჭიდავეები აღზარდოს. იგი მოსწავლეების არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ საუკეთესო მეგობარიცაა. ის ხშირად საკუთარი ხარჯებით ატარებს ბავშვებს სხვადასხვა დარბაზში შეხვედრებზე, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ და წარმატებას მიაღწიონ”,- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ანი გულდამაშვილი.