კახეთში 13 წლის გოგოს და 16 წლის ბიჭს ეძებენ
კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ ოჯახის შექმნის მიზნით გაუჩინარებულ 13 წლის გოგოს 16 წლის ბიჭს ეძებენ.
მოზარდები რამდენიმე დღეა გაუჩინარდნენ და ჯერჯერობით მათ კვალს ვერავინ მიაგნო. გოგონას მამის მტკიცებით, ბიჭმა მისი შვილი მოტყუებით გაიყვანა სახლიდან და მოიტაცა.
მამა ამბობს, რომ შვილის ხელი ბიჭის ოჯახმა მანამდეც ითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ბიჭის ოჯახი კი ამტკიცებს, რომ გოგონა შეყვარებულს თავად გაჰყვა და ამის დასამტკიცებლად არსებობს ხმოვანი შეტყობინება და წერილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.