ახალი ამბები

როგორი იქნება თელავის აეროპორტი- ფოტოები კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მასალებიდან

თელავში ახალი სამგზავრო ტერმინალი, წელიწადში, 50 000-მდე მგზავრს მოემსახურება. თელავის აეროპორტი პირველ მგზავრებს 2024 წელს უმასპინძლებს. მისი განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია კი 25 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის თანახმად სრულიად განახლდება და 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა. ასევე მთლიანად განახლდება აეროპორტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. ტერმინალის არქიტექტურული პროექტი 296 000 ლარი დაჯდება.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში იგეგმება კახეთში, ქალაქ თელავში არსებული ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა. აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს ქალაქ თელავის ჩრდილო აღმოსავლეთით 2 კილომეტრის მოშორებით.

,,აეროპორტი ”მიმინოს” სახელითაა ცნობილი, რადგან ცნობილი ფილმის გარკვეული სიუჟეტი სწორედ აქ არის გადაღებული. ტერიტორიის 90% დათმობილია ასაფრენი ბილიკისთვის და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ბუფერული ზონისთვის. დარჩენილ ფართზე, სამხრეთ ნაწილში, განთავსებულია თვითმფრინავებსი სადგომი, კოშკურა და არსებული ტერმინალის შენობა. ტერიტორიას გააჩნია 2 შესასვლელი, რომელთაგან ერთი არის საერთო სარგებლობის, იქ მდებარე სასწავლო ცენტრთან. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება სახნავ სათესი მიწის ნაკვეთები. სამხრეთიდან მცირ ზომის შენობები, აღმოსავლეთიდან ასფალტის საავტომობილო გზა, რომელიც გამოიყენება აღნიშნულ ტერმინალთან მისასვლელადაც.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული კონცეპტუალური პროექტი და ამ აეროპორტის ტერიტროიის სამომავლოდ განვითარების წინადადება სრულად პასუხობს საკონკურსო დავალებაში არსებულ მოთხოვნებს ფართებისა და ფუნქციების შესაბამისად. ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი შესასვლელი გამჭოლი საავტომობილო ორ ზოლიანი გზით.

მთლიან ტერიტორიაზე განაწილებულად მოეწყობა ავტოსადგომი 60 ავტომობილზე, რომელთაგან იქნება როგორც ავტობუსებისთვის, შშმ პირებისთვის, ტაქსებისთვის, მომუშავე პერსონალისთვის, ვიზიტორებისთვის და ვიაიპი მომსახურეობისთვის. ტერიტორიაზე არსებული ხეებისა და დონეთა შორის სხვაობის გათვალისწინებით შეირჩა შენობის განთავსების ოპტიმალური ადგილი, მისი შეუფერხებელი და სწრაფი ფუნქციონირებისთვის. არქიტექტურული გადაწყვეტა წარმოადგენს ლანდშაფტთან შერწყმულ ნაწილობრივ ორსართულიან შენობას, რომელიც გეგმარებაში წააგავს თვითმფრინავის ფრთას, ამგვარი გადაწყვეტილებით შენარჩუნებული იქნა ტერიტორიაზე არსებული ყველა წიწვოვანი ხე.

შენობაში გათვალისწინებულია მოსაცდელი დარბაზი კვების ობიექტით, სავაჭრო სივრცეებით, ადაპტირებული სან.კვანძებით, სარეგისტრაციო სივრცე, ჩასხდომა და მოფრენის სივრცეები ყველა საჭირო დამხმარე და საკონტროლო პუნქტებით, ბარგის მიღება გაცემის სივრცეები, უსაფრთხოების საკონტროლო ზონა, მაღალი კლასის მომსახურეობის ზონა, საოფისე ფართებს, რომელიც მოიცავს: ოთხ პერსონალურ საოფისე ოთახს, ორი ოთახი გათვლილი 15 ადამიანზე, დაცვის პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, ვიდეო მეთვალყურეობის ოთახი, სასერვერო, სათათბირო, სამზარეულო და საარქივო ოთახი. შენობის ვიზუალური მხარის მაღალი მხატვრული ესთეტიური ღირებულების მისაღებად გამოყენებული გვაქვს თანამედროვე სამშენებლო მასალები, როგორიცაა მწვანე სახურავი, ენერგოეფექტური საფასადე ვიტრაჟის სისტემა, დაჯანგული ლითონის ფურცლით მოპირკეთება და სხვა. შენობის მთლიანი ფართობი შეადგენს 1680 კვ.მ-ს, რაც მიღწეულია ამ ტიპის ტერმინალის ოპტიმალური გეგმარების გადაწყვეტის საფუძველზე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის და დააკმაყოფილებს დღესდღეობით საქართველოში მოქმედ ყველა უსაფრთხოებისა და მისაწვდომობის ნორმებსა და სტანდარტებს. აღნიშნული პროექტის განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯაჭვის რგოლი იქნება საქართველოს შიდა ავიაციის განვითარებისთვის, ესწ არის ტურიზმის განვითარების ერთერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორი”,- წერია აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში გამარკვებულ კომპანია შპს „ხმალაძე არქიტექტორების“ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში.