კახეთში რკინიგზის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სამოქალაქო დარბაზი“ კახეთის რკინიგზის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მანიფესტით ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ და საკითხით დაინტერესებას ითხოვენ. ისინი 5 000 ხელმოწერის შეგროვებას მოახდენენ.
რკინიგზის აღდგენის მოთხოვნის კამპანია ორგანიზაციის თანამფუძნებლის, ალექსანდრე ქავთარაძის ინიციატივით რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
,,ჩვენი ორგანიზაცია – ,,სამოქალაქო დარბაზი’’ – 2019 წელს დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება თბილისს გარეთ არსებული ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა გახლავთ. ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონების განვითარებაში და კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთოთ არსებული გამოწვევების და პრობლემების მოგვარებაში. ჩვენი აზრით, სწორედ რეგიონების განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ გასაღებს. სწორედ აქედან გამომდინარე მიიქცია ჩვენი ყურადღება კახეთის რკინიგზის საკითხმა.
რატომ სჭირდება რეგიონს რკინიგზა? ჩემი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. ჩამოვთვლი რამდენიმე მიზეზს: კახეთი ტერიტორიულად ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი რეგიონია. ის ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს საქართველოში. კახეთში ერთ-ერთ მზარდ სექტორს წარმოადგენს ტურიზმი. რეგიონის მოსახლეობა ბოლო მონაცემებით დაახლოებით 400,000-მდე ადამიანს შეადგენს. აქ 9 ქალაქი და 276 სოფელია. შესაბამისად, კახეთისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რეგიონი რკინიგზით დაუკავშირდეს დედაქალაქს, ქვეყნის სხვა კუთხეებსა და შესაბამისად, ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს. ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ კახეთთან დამაკავშირებელ მთავარ სატრანსპორტო საშუალებებს დღეს წარმოადგენენ: კერძო მანქანები, ტაქსები და მიკრო-ავტობუსები. რეგიონის მოსახლეობის მიმოსვლისთვის, ადგილზე გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, ტვირთბრუნვისა და კახეთის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გასაზრდელად, მნიშვნელოვანია რეგიონს გააჩნდეს სარკინიგზო მიმოსვლა. აგრეთვე, რეგიონში გაჩნდება ,,მწვანე’’, ეკოლოგიურად გაცილებით უფრო უსაფრთხო და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტანი სატრანსპორტო საშუალება”,-აცხადებს ალექსანდრე ქავთარაძე.