ნავთობპროდუქტების სავალდებულო საგანგებო მარაგების შენახვა აუცილებელი გახდება
საქართველოს მთავრობა მუშაობს ახალ კანონპროექტზე, რომელიც საწვავის იმპორტიორებს გარკვეულ ვალდებულებას უწესებს. საუბარია, ქვეყანაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავალდებულო საგანგებო მარაგების შენახვის აუცილებლობაზე.
„კანონპროექტი ითვალისწინებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავალდებულო საგანგებო მარაგების შენახვის ვალდებულებას. აღნიშნული მიზნით, კანონპროექტის შესაბამისად დაწესდება შესაბამისი სუბიექტების უფლება/მოვალეობები და დადგინდება შესაბამისი პროცედურები.
კანონპროექტი მომზადებულია „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის, 2009 წლის 14 სექტემბრის საბჭოს 2009/119/EC დირექტივა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, შეინახონ გადაუმუშავებელი ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების მინიმალური მარაგები,“– ნათქვამია პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.