სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტი ნიმუშიდან 12%-ში დარღვევა გამოვლინდა
2023 წელს სურსათისა და საკვების 5 000-ზე მეტი ნიმუშიდან 624 შეუსაბამობა და დარღვევების ფაქტი დადასტურდა, რაც ნიშნავს, რომ დარღვევა 12%-ში იყო. მაჩვენებელი ნაკლებია 2022 წელზე, როცა შეუსაბამობა ნიმუშების 15%-ში იყო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის, დარღვევა არ გამოვლენილა პესტიციდებზე აღებულ მცენარეული და ცხოველური სურსათის 374, ტრანსცხიმებზე გამოკვლეულ 88 და გმო-ზე აღებულ 30 ნიმუშში, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული ცხოველური წარმოშობის სურსათისა და ბავშვთა კვების 180 ნიმუშში; კალიუმის შემცველობა არ დაფიქსირებულა ქათმის ხორცის 30 ნიმუშში და სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი არ აღმოჩნდა ყველის 30 ნიმუშში.
რაც შეეხება დარღვევებს – ლისტერიაზე აღებული 195 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა ერთ ნიმუშში; სალმონელაზე აღებული 600-ზე მეტი ნიმუშიდან გამოვლინდა 5 დარღვევა. საღებავების შემცველობაზე აღებული 109 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა კეტჩუპის, აჯიკისა და სუნელ-სანელებლის 6 ნიმუშში, დარღვევების შესახებ ინფორმაცია, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
უწყების ცნობით, ადამიანის ჯანმრთელობისა და რისკების თავიდან აცილების მიზნით, 2024 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბები იზრდება; წლიური მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად, დაგეგმილია 6000 ნიმუშის/სინჯის აღება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად.