„გვაქვს მზადყოფნა, სურსათის დონაციაში ჩავერთოთ“ – სუპერმარკეტები „სურსათის ბანკის“ შექმნაზე
სუპერმარკეტები მზად არიან, რომ სურსათის დონაციაში ჩაერთონ, – ამის შესახებ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, სოფო ქაშაკაშვილმა განაცხადა.
როგორც ქაშაკაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ასოციაცია 12 სასურსათო მაღაზიათა ქსელს აერთიანებს. მისი თქმით, შესაბამის სამსახურებს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სურსათის ბანკის შექმნის ინიციატივაში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
„ჩვენ გვაქვს მზადყოფნა, რომ სურსათის დონაციაში ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა. ევროკავშირმა გამოაცხადა გრანტი და გაიმარჯვა საერთაშორისო ორგანიზაციამ. ფაქტობრივად, მათ უნდა განახორციელონ პირველი ნაბიჯები, არ ვიცი რამდენად შედის მათ პრეროგატივაში სურსათის ბანკი, თუმცა გარკვეული ნაბიჯები, რეგულაციებიდან გამომდინარე, მათ უნდა გადადგან. უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მზად ვართ ჩავერთოთ პროცესში და ფაქტობრივად, დროსთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ჩვენი სექტორი მზადყოფნაშია სრულად. ჩვენი ასოციაცია აერთიანებს 13 სუპერმარკეტს, მაგრამ აქედან 12 არის სასურსათო“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფიო ქაშაკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „სურსათის ბანკის“ შექმნის შესახებ კანონი გასული წლის ოქტომბერში მიიღო. „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს საკვებად ვარგისი სურსათის არსებობის ვადის გახანგრძლივებას. გარდა ამისა, აღნიშნული კანონის თანახმად, უნდა შეიქმნას სურსათის ბანკი, რაც იმას ნიშნავს, რომ სურსათი, რომელიც არ არის საფრთხის შემცველი და გამოსაყენებელია მოხმარებისთვის, უნდა გადაეცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ და საქველმოქმედო მიზნებისთვის უნდა გამოიყენებოდეს.