ახალი ამბები

რა შესაძლებლობები მისცა ტრენერთა ტრენინგის გავლამ ყვარელსა და ლაგოდეხში მცხოვრებ ახალგაზრდებს

„უფლებები საქართველომ“, „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრსა“ და „ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრთან“ პარტნიორობით, 27-28 იანვარს, კაჭრეთში, ორ დღიანი ტრენერთა ტრენინგი(ToT) ჩაატარა, სადაც მონაწილეობა ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფებმა მიიღეს.

როგორც ,,უფლებები საქართველოს” წარმომადგენლები knews.ge-სთან საუბრისას განმარტავენ, ტრენინგის ფარგლებში, ექსპერტებმა ახალგაზრდებს გაუზიარეს ინფორმაცია მოლაპარაკების წარმოების, საზოგადოების მობილიზების მექანიზმების, სოციალური მედიის მნიშვნელობისა და ეფექტიანი პრეზენტაციის შესახებ. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს უნარების განვითარებაში, გააქტიურებაში, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და შემდგომ დასაქმებაში დაეხმარებათ.

როგორც ტრენინგის მონაწილეები knews.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, მათთვის მსგავს პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან მისი დახმარებით იღებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ვრცელ ინფორმაციას. ახალგაზრდები ამბობენ, რომ პროექტის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციას თანატოლებს გაუზიარებენ, რაც მათ მეტად გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ტრენინგში მონაწილეობის მიღება, რადგან მე მომავალში ვაპირებ რომ ტრენინგები ჩავუტარო ჩემი სოფლის ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ მონაწილეობა ისეთ აქტივობებში, სადაც მე ვიყავი. მსურს ამ გზით განვავითარო სოფლის ახალგაზრდების მსოფლმხედველობა“,- აცხადებს პროექტის მონაწილე თურქან არასლი.

„ტრენერთა ტრენინგზე მონაწილეობა ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან მივიღე ახალი ცოდნა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ. იყო კარგი გამოცდილება, გავიცანი ახალი ადამიანები და ახალი მეგობრები“, – აცხადებს საბინა ალიევა.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გარემო იყო ძალიან კომფორტული და ულამაზესი. გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები. თვითონ ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. ბევრი მართლა საჭირო და საინტერესო რაღაც ვისწავლე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში.“ – ამბობს პროექტის კიდევ ერთი მონაწილე ანი ფოლადაშვილი.

ახალგაზრდების განცხადებით, მათ ტრენინგების საშუალებით ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მონაწილეობისა და მუნიციპალიტეტის ანგარიშვალდებულების ზრდა და სხვა.

 

„ამ ტრენინგში მონაწილეობამ მომცა დიდი გამოცდილება თუ როგორ დავამყარო კომუნიკაცია ადვილად ადამიანებთან. გავიჩინე ახალი მეგობრები რომლებიც ჩართულები არიან ამ სფეროში. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი იდეები. ტრენინგზე იყო ბევრი საინტერესო თემა, უამრავი ინფორმაცია რომელთანაც აქამდე წვდომა არ გვქონდა,“ – აცხადებს ანნა ჩოხადარი.

„მე ვარ აბიტურიენტი და ამ ტრენინგმა გამიფართოვა ცოდნა პროფესიაზე რომელსაც სჭირდება ხალხთან კომუნიკაცია და ვფიქრობ მომავალში ეს უნარ-ჩვევები ჩემთვის ძალიან გამოსადეგი იქნება.“ – აცხადებს მარიამ კილაძე.

„ჩემი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ თუ მივიღებდი ამ ინფორმაციას და ვიქნებოდი ინფორმირებული, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის წარმატების მომტანი. ამ ტრენინგიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე, თუ როგორ ვისაუბრო საზოგადოებაში და როგორ მოვიპოვო მათი ნდობა, ასევე მოლაპარაკების წარმოება”, – აცხადებს ანა კილაძე.

ტრენერთა ტრენინგის ჩატარება შესაძლებელი გახდა – „ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდათა ჩართულობის და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში“- ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“, „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან“ და „ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრთან“ პარტნიორობით, და „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის მიზანია ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება, პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მონაწილეობისა და მუნიციპალიტეტის ანგარიშვალდებულების ზრდა; ინკლუზიური პოლიტიკის დანერგვისა და განხორციელების ხელშეწყობა; ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლთა სამართლებრივ დახმარება.