მუნიციპალიტეტებში ტაქსების მიერ მგზავრების გადაყვანა კანონით დარეგულირდება
მუნიციპალიტეტებში, მინივენების და სხვა ტაქსების მიერ მგზავრების გადაყვანა კანონით დარეგულირდება.
პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი_ “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რაც აღნიშნულ საკითხს დაარეგულირებს.
კანონპროექტის მიღების შედეგად, ნებართვას დაექვემდებარება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსების საქმიანობა. მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, რომ უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.
ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა თუ კანონში ცვლილება შევა, სანებართვო პირობები მათთვის მისაღები უნდა იყოს.
,,თუ ეს განხორციელდება, ბევრი ადგილობრივი ტაქსი ვეღარ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. ალბათ, მოთხოვნებიც სხვანაირი იქნება., აქამდე არ დარეგულირებულა ეს საქმიანობა. ზოგი ძველი მანქანით ტაქსაობს და ლუკმა პურს შოულობს, ეს წყაროც აღარ ექნება,”, – აცხადებს მირო ზარნაძე.
ტაქსებზე ნებართვა გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით., ნებართვის გაცემის უფლებამოსილება კი ენიჭება მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს.
სანებართვო პირობების დარღვევით მგზავრების გადაყვანა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 და 200 ლარის ოდენობით.
,,სანებართვო პირობებში რა იქნება ჩადებული, სავარაუდოდ, ამის მიხედვით განისაზღვრება მარშრუტების ფასებიც. მანქანის მოწესრიგებაც ბევრს დასჭირდება, მომსახურების პირობების შეცვლაც და ადგილზე დროულად მისვლაც. გამოდის, რომ ტაქსების რეფორმა იწყება, რაც ჩემი აზრით, არ იქნება ერთ ეტაპად. გასარკვევია ტაქსის ნიშნის დამაგრების და მგზავრების ქუჩაში აყვანის უფლება გვექნება თუ არა, ან რომელიმე კონკრეტული ფერი უნდა იყოს თუ არა მანქანა და ბევრის საკითხია, რაც მე მაინტერესებს. უბრალოდ, რეგულაციებმა პრობლემები არ უნდა შეგვიქმნას.”
რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს აღნიშნული პრობლემებს, თუმცა, ზოგადად, ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგების მიზნით აუცილებელია ერთიან ჭრილში იქნეს გადაწყვეტილი მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირება, რათა ტაქსების მოუწესრიგებელი საქმიანობა რეფორმის განხორციელებისათვის არ გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი.
რეგულაციებით ინტერესდებიან მოქალაქეებიც. ამბობენ, რომ რეგულაციების შემოღებისთანავე ტაქსის საფასური გაძვირდება, რისთვისაც ისინი მზად არ არიან.
,,ჩვენთან უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია. ტაქსები, რომლებიც დღეს დადიან, ძლივს არჩენენ ოჯახებს. რეგულაციები კარგია თუ პრობლემებს არ შექმნის, მათ უმუშევრად არ დატოვებს და ჩვენთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, მომსახურების ფასები კიდევ უფრო არ მოიმატებს”.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი გამოწვევაა ავტოსადგურებში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა და არარეგისტრირებული პირები (ე/წ „ხიშნიკები“), რომლებიც ავტოსადგურების გვერდის ავლით ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას (ხშირ შემთხვევებში მინივენის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით).
კანონპროექტის ავტორია ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი_ საქართველოს მთავრობა.