რას სთავაზობს „აწარმოე საქართველო” კომპანიებს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულების ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობას. აღნიშნული მიმართულებით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე. „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, ობლიგაციების გამოშვების კომპონენტს სააგენტო USAID-თან თანამშრომლობით განახორციელებს.
„მოგეხსენებათ, სახელმწიფო დიდი ხანია ახორციელებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროგრამას. მოხარულები ვართ, რომ „აწარმოე საქართველოში” გადადის ახალ ეტაპზე – ვამატებთ კაპიტალური ბაზრების მიმართულებას და ძალიან მალე, კომპანიებს შეეძლებათ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას ისარგებლონ კონკრეტული მხარდაჭერით. კერძოდ, პირველ ეტაპზე სააგენტო საკრედიტო რეიტინგის მოპოვების და განთავსების საკომისიოს ხარჯების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „აწარმოე საქართველოში” გადადის სრულიად ახალ ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ ბანკის დაფინანსებას ქვეყანაში ექნება ალტერნატივა – ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კერძო ფონდის შექმნით. მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ახალი ინიციატივის შესახებ და უკვე მოგვმართავენ კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ USAID-თან, რომელიც სააგენტოსთან ერთად დაეხმარება მეწარმეებს” – აღნიშნა ხიდურელმა.