გაიგე მეტი გურჯაანის შესახებ
გურჯაანი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია, სადაც გაერთიანებულია 24 ადმინისტრაციული ერთეული.
გურჯაანში, აღმოჩენილია ქვის ხანის ადამიანის სადგომი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მჭიდროდ იყო დასახლებული როგორც ბრინჯაოს, ისე ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში. ეს ისტორიული დასახლება მრავალი ბრძოლის მოწმეა: განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთის 1812 წლის გლეხთა აჯანყება რუსეთის თვითმპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ. სახელ გურჯაანს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს.
რაიონში არის საშუალო პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები, ასევე ბიბლიოთეკები, თეატრები და მუზეუმები. გურჯაანში წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ძირითადად მევენახეობა და მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში რამდენიმე ღვინის და სპირტის ქარხანაა, ასევე სხვა პროფილის მცირე საწარმოები. რაიონის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. გურჯაანი ძალიან ლამაზი და კულტურული ძეგლებით მდიდარი რაიონია. აქ ნახავთ სხვადასხვა პერიოდის ციხე-სიმაგრეებს, ნამოსახლარებსა და მნიშვნელოვან ტაძრებს. განსაკუთრებით ცნობილია ორგუმბათიანი გურჯაანის ყველაწმინდა. რაიონის მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა ფსევდოვულკანური სამკურნალო ტალახი, რომლის ბაზაზეც არის აშენებული კურორტი ახტალა. აქ არის მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა და ტალახსამკურნალო სააბაზანო.
რას ნახავთ:
გურჯაანი ძალიან ლამაზი და მრავალსაუკუნოვანი კულტურული ძეგლებით მდიდარი რაიონია. აქ არის ანტიკური და ფეოდალური ხანის ნამოსახლარები, ისტორიული ციხე-სიმაგრეები და არქიტექტურული კუთხით მნიშვნელოვანი ტაძრები. ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური სამაროვნები გვხვდება სოფელ კაჭრეთში, მელაანში, ბაკურციხეში და ა.შ.
აღსანიშნავია ჭერემის ნაქალაქარი, სადაც არის ბრინჯაოს ხანის, ანტიკური და შუასაუკუნეების ნამოსახლარები და რამდენიმე საინტერესო ეკლესია. გურჯაანის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია ყველაწმინდა, რომელიც შიდა სივრცით სამნავიანი ბაზილიკაა, გადახურვა კი გუმბათოვანი აქვს, თანაც მას ორი რვაწახნაგა გუმბათი ადგას.
ეს ტაძარი გარდამავალი ხანის ხელოვნებას მიეკუთვნება, როდესაც დაიწყო არქიტექტურის კლასიკური ფორმების რღვევა და ახალი გზების ძიება. საინტერესოა გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ქვის, ადრინდელი და გვიანი ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის მასალები, ისტორიული დოკუმენტები, ფოტომასალა, ფერწერული ტილოები, ლითონმქანდაკებლობის ნიმუშები და ა.შ. რაიონში ასევე ფუნქციონირებს ნატო ვაჩნაძისა და იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმები, შალიკაშვილის სახელობის ქართული სამხედრო მუზეუმი და თეატრები. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სიმდიდრე ტალახით სამკურნალო კურორტი ახტალაა, სადაც სასიამოვნო დასვენებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეძლებთ.
გურჯაანის ნათელ, ფოთლოვან ტყეებში მრავალ სასიამოვნო საპიკნიკე ადგილს იპოვნით ამწვანებულ გაზაფხულზე თუ ცეცხლოვანი შემოდგომისას.
წყარო: Georgian Travel Guide