ახალი ამბები

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაზე ინკლუზიური მუშაობა მიმდინარეობს- მინისტრი

მასწავლებლის პროფესიული და კარიერული განვითარების სქემაზე ინკლუზიური მუშაობა მიმდინარეობს – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე უწყების 2024 წლის საქმიანობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“არაერთხელ მისაუბრია, რომ ჩვენ ვგეგმავთ განვავითაროთ მასწავლებლის პროფესიული და კარიერული განვითარების სქემა, რომლითაც გვინდა შედეგებზე იყოს დაფუძნებული ინდიკატორები. გვინდა, მხოლოდ და მხოლოდ ხელფასი არ იყოს მოტივატორი სტატუსის ასამაღლებლად. საკმაოდ ინკლუზიურად, მათ შორის პროფკავშირების ჩართულობით დაიწყება ამ დოკუმენტზე მუშაობა” – განაცხადა ამილახვარმა.

ინფორმაციისთვის, სამთავრობო პროგრამას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, კობახიძის მიერ წარდგენილი განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 4-მა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.