ახალი ამბები

კახეთში ახალი კაფე-სამზარეულო იხსნება, რომელიც მხოლოდ დილის საათებში იმუშავებს

ქვევრის ბიო ღვინოს მწარმოებელი კომპანია “ლაგვანი მარანი“ კაფე-სასაუზმეს ახმეტაში გაზაფხულზე გახსნის.

მეწარმე სანათა წიწუაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” განმარტავს, რომ კაფე მხოლოდ დილაობით, სამი საათის განმავლობაში იმუშავებს და ძირითადად იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც სამსახურამდე სურთ განტვირთვა და ჭიქა ყავის ან ჩაის დაგემოვნება. პროექტი კერძო ინვესტიციით და გრანტის საშუალებით განხორციელდება.

,,ჩვენს მიერ წარმოდგენილი კაფე ერთგვარი სასაუზმეა, რომელიც სრულიად განსხვავებული კონცეფციით ჩამოვაყალიბეთ. სამზარეულო დილის პერიოდში (სამუშაო კვირაში) 08:00 – 11:00 საათებში იმუშავებს. რაც შეეხება მენიუს, მომხმარებლებს შევთავაზებთ მხოლოდ საუზმეს ერთ სივრცეში. სულ ორი დიდი მაგიდა გვექნება, რომელსაც ყველა სტუმარი მიუსხდება. ერთი ადამიანიც რომ შემოვიდეს, მარტო არ იგრძნობს თავს. ფაქტობრივად, ერთად დალევენ ჩაის ან დააგემოვნებენ ხაჭაპურს, სახლში დამზადებულ მურაბებს, ხილფაფებს და სხვადასხვა სახის დესერტს, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია. ამით გვინდა საუზმის მირთმევის კულტურა დავნერგოთ და განსხვავებული სტილით შევთავაზოთ მომხმარებელს, რითაც ტურისტული ბაზარი არ არის განებივრებული. თუკი დილით სახლის პირობებში მივირთმევთ ყავას, შეიძლება ეს პროცესი ბევრად კომფორტული გავხადოთ, რათა არ იყოს რუტინული და მხოლოდ დადებით ემოციებს უკავშირდებოდეს“, – აცხადებს სანათა წიწუაშვილი.

რაც შეეხება მენიუს, კაფეში წარმოდგენილი იქნება ყავა ‘’ამერიკანო’’, ‘’კაპუჩინო’, ”ლატე’; მთის ჩაი – ხილის ჩირი, მეწარმე სანათა წიწუაშვილის მიერ მომზადებული ჩირეული; კრუასანი შოკოლადით, კრემით ხილის პეროგები, მაფინები, ფრანგული ტოსტი, ვაფლი შოკოლადით, ხილით და ნაყინით; ხაჭაპური, ქადა და სხვადასხვა სახის ორცხობილა.11:00 საათის შემდეგ კი კაფე მხოლოდ შეკვეთებზე იმუშავებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 000 ლარია, რომლის ნახევარიც გრანტია.

ცნობისთვის, ‘’ლაგვანი მარანი“ ბაზარზე 2018 წელს დაფუძნდა და ცნობილია, როგორც ბიო ღვინოს მწარმოებელი კომპანია. ‘’ლაგვანი მარანში“ 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა აქტიურ სეზონზე მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. რაც შეეხება კაფე-სასაუზმეს, ტურისტული ობიექტი დამატებით 3 ადამიანს დაასაქმებს.