ახალი ამბები

5 თებერვალს, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, პირველად ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 5 თებერვალს დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, შესაბამისი რეფორმების დღის წესრიგზე და ეროვნული პარლამენტების როლზე მოლაპარაკებების პროცესში.

კონფერენციას გახსნის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.