გაიცანით მწერალი ნინო ზუბიტაშვილი შილდიდან
ნინო ზუბიტაშვილი ნოველებს 15 წლის ასაკიდან წერს. ის წარმოშობით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან არის, თუმცა ამ დროისთვის თბილისში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, დღემდე სირთულეებით სავსე გზა გამოიარა, თუმცა ამ დროისთვის წარმატებული მწერალია.
გარდა ნოველებისა, ის წერს ლექსებს და ცდილობს ამით საზოგადოებას თავისი ემოციები და შინაგანი სამყარო დაანახოს.
,,წარმოშობით კახეთიდან ვარ, კერძოდ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდადან. კახეთში მთელი ჩემი ბავშვობა მაქვს გატარებული.
წერა პატარა ასაკში დავიწყე, ჩემი პირველი დეტექტიური ჟანრის მინი რომანი, სახელად “ლაშა,” 15 წლის ასაკში დავწერე. ბევრს მოეწონა, ბევრმა დამცინა და ნაწყენმა დავხიე, ახლა კი ამას ვნანობ. შემდეგ იყო კიდევ მეორე ნაშრომი, სახელწოდებით “განსაცდელი.” იმასაც პირველი რომანის ბედი ეწია, სამწუხაროდ, თუმცა, დაახლოებით 5 წლის წინ, სიუჟეტი აღვადგინე გონებაში და ხელმეორედ დავწერე. დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც ძალიან გამახარა’’,– აცხადებს ნინო.
ამ დროისთვის ნინო ზუბიტაშვილს გამოცემული აქვს ნოველების ორი კრებული.
,,გამოცემული მაქვს ნოველების ორი კრებული ” მეორე დედამიწა” და ” მეხუთე დრო”. თუმცა, პირეველ კრებულში პოეზიასაც ეთმობა გვერდები. ლექსებსაც ვწერ, განწყობის მიხედვით. რაც შეეხება ნოველებს, ყველა ნაწარმოებში მე ვარ, ცუდიც, კარგიც,. ყველა პერსონაჟი ნინაა.’’
ნინო განმარტავს, რომ ბავშვობის ასაკში დაწყებული საყვარელი საქმე დროებით, ემიგრაციაში წასვლის გამო შეაჩერა, თუმცა 19 წლის შემდეგ, ისევ გააგრძელა წერა და რომანი ,,ბერო“ დაწერა. მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბევრი მინი რომანის და ნოველის წერა.
,,ბავშვობის გატაცება დროებით შევაჩერე, რადგან ემიგრაციაში მომიწია წასვლა, სადაც 19 წელი ვიცხოვრე. მთელი ეს პერიოდი, შინაგანად სულის შიმშილს ვგრძნობდი. ისევ ავიღე კალამი და დავწერე მინი რომანი “ბერო”. გამოქვეყნებას არ ვაპირებდი, ისე, ჩემთვის ვწერდი, თუმცა, მეგობრების დაჟინებული თხოვნით, გამოვაქვეყნე. მკითხველის რეაქციამ მიმახვედრა, რომ არ უნდა შევჩერებულიყავი. ამას შემდეგ მოჰყვა ბევრი მინი რომანი და ნოველა.
იმედია, სამომავლოდ მესამე წიგნის გამოცემას შევძლებ, ნაწარმოები მზად არის, თუმცა, სხვა ტექნიკური საკითხებია მოსაწესრიგებელი“,– აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ნინო ზუბიტაშვილი.