ახალი ამბები

ყაზახეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია

ყაზახეთმა გასულ წელს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში 3.4%-იანი წილით მერვე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკიდან ცხადი ხდება, რომ ყაზახეთთან სავაჭრო სალდო დადებითია და ვაჭრობა ექსპორტის, უფრო კონკრეტულად კი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. 2023 წელს საქართველოდან ამ მიმართულებით 702 მილიონ 965 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა და წლიურად ექსპორტი 195.2%-ით გაიზარდა. ამგვარად, ყაზახეთმა საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 11.5%-იანი წილით პირველ სამეულში შევიდა და აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ [ამ ქვეყნების შემთხვევაშიც ექსპორტი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზეა გაზრდილი], მესამე ადგილი დაიკავა.

როგორც აღვნიშნეთ, ყაზახეთში მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო. 2023 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საქართველოდან ჯამში 591 მილიონ 856 ათასი დოლარის ღირებულების 39 896 მსუბუქი ავტომობილი გავიდა. ექსპორტი წლიურად 466.5%-ითაა გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილების რეექსპორტის ქვეყნების რეიტინგში ყირგიზეთის შემდეგ ყაზახეთი მეორე ქვეყანაა, თუმცა ყირგიზეთი ყაზახეთს ამ კუთხით ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულებით უსწრებს, რაოდენობით კი ყაზახეთში უფრო მეტი ავტომობილი გაიყიდა.