ახალი ამბები

საჯარო მოხელეთა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტები გაიზარდა

გასულ წელს საჯარო მოხელეთა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტები წლიურად 200%-ით გაიზარდა. აღნიშნულს მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, მთლიანად სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, 30.68 %-ით არის შემცირებული.

სტატისტიკა მოწმობს, რომ საანგარიშო პერიოდში ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაული შემცირებულია, გარდა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის შემთხვევებისა, რაც წლიურად 200%-ით არის გაზრდილი. ასევე გაზრდილია 22.22 %-ით, განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულების ფაქტებიც.

რაც შეეხება სხვა სამოხელეო დანაშაულის შემთხვევებს, შს სამინისტროს მონაცემებით:

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები – 49.41%-ით შემცირდა;
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები – 22.08%-ით შემცირდა;
ქრთამის აღების ფაქტები – 18.75%-ით შემცირდა;
ქრთამის მიცემის ფაქტები – 46.15%-ით შემცირდა;
ზეგავლენით ვაჭრობა – 20%-ით შემცირდა;
სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები – 56.9%-ით შემცირდა;
სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევები – 37.39%-ით შემცირდა;
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევები – 50%-ით შემცირდა.