2024 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა.
ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა. სწორედ დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით ეროვნულმა ბანკმა 31 იანვარს ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით 9%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
ამჟამად დაბალი ინფლაციის განმაპირობებელია ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში – სურსათში ფასების 2.4%-იანი შემცირებაა. ასევე 3.3%-ით დაიკლო ფასებმა ჯანდაცვის სექტორში. ძირითადი სამომხმარებლო ჯგუფების ფასების ცვლილება ასეთია:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-15.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-4.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (19.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3 პროცენტით, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-7.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3.9 პროცენტი).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (7.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.4 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (4.1 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8 პროცენტი);