ჩანთები ქართული ორნამენტებით კახეთიდან
საწარმო ,,დემაში“ ქართული ორნამენტებით ჩანთების დამზადება დაიწყეს. ხაზავს, შლის, უღებს ფოტოებს, კარდონისგან მაკეტს აწყობს, უკეთებს პრინტს და ყიდის.
დავით მოსიაშვილი სულ სიახლის ძიებაშია და არც იდეებს უჩივის. ის პარალელურად ატარებს საქველმოქმედო ღონისძიებებს და დაკავებულია მცირე საოჯახო მეურნეობით. ჰყავს ორი შვილი, რომლებსაც საქმიანობაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.
,,პირველი ჩანთის აწყობისას, სამი კვირა ნახაზებს და ზომებს მოვანდომე, ერთი კვირა_ კარდონისაგან მაკეტების დამზადებას, შემდეგ მასალები ნაწილ – ნაწილ, ბიუჯეტის შესაბამისად, დავჭერი ყველა დეტალი, დავპრინტე, მოვემზადე, ავაწყე – 1 ცალის მხოლოდ აწყობას საათნახევარი მოვანდომე, ყველაფერი ხელით და ჩაქუჩით ვაკეთე, ნაკერის გარეშე,“ – ამბობს დავითი.
სახელოსნოში რამდენიმე წელია უკვე აქვთ ტანსაცმლის და ტყავის ხაზი. ასევე, აწარმოებენ ჩურჩხელას. ჩანთებს ცოტა ხნის წინაც ამზადებდნენ, თუმცა ტყავზე მუშაობისთვის საჭირო იყო საკერავი მანქანა, რისი შეძენაც სახელოსნომ დღემდე ვერ მოახერხა, ამიტომ დაიწყეს უნაკერო ჩანთების დამზადება, ქართული ორნამენტებით.
,,მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია აკეთებს ქართული ელემენტებით სხვადასხვა აქსესუარებს, მაინც დიდი მოთხოვნაა. ჩემს პროდუქციაზე ფერები შემოვიტანე., ვიცით, რომ შავი ფერი ლიდერობს და უმეტესობას ეს ფერი გვაცვია, სიფერადეებს ცუდად ვეგუებით, მაგრამ ამ ნაბიჯმა ძალიან გაამართლა.“
ბატონი დავითი ამბობს, რომ ჩანთების დამზადება არ არის მარტივი საქმე. ერთი მათგანის მომზადებას, საშუალოდ, დაახლოებით, 2 კვირა სჭირდება.
,,დაახლოებით 1 თვე ვმუშაობდი ნახაზზე, რომ კომპიუტერულად ამეწყო, შემდეგ გამოვჭერი პირველი კარდონი, გავაკეთე მაკეტი, ავაწყე კარდონის მუყაოს ჩანთა. რომ მივხვდი რომ ყველაფერი რიგზე იყო, შემდეგ დავიწყე ფიქრი გაფორმებაზე, მინდოდა ქართული ელემენტები ჰქონოდა. აღმოჩნდა, რომ გაამართლა. 1 ჩანთის გამოჭრას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება, შემდეგ მიმაქვს სარეკლამო კომპანიაში, რადგან არ მაქვს დანადგარი რომელიც პრინტს გააკეთებს, მომაქვს უკან, შემდეგ ვიწყებ აწყობას, რასაც მინიმუმ საათნახევარი სჭირდება.“
ხელოვან-დიზაინერი საკუთარ შრომას ნაკლებად აფასებს. ამბობს, რომ მისთვის მთავარი პროდუქტზე ხელმისაწვდომობაა.
,,თავდაპირვლეად გავამზადე 7 მოდელი და ონლაინ სივრცეში ჩანთების ფოტოების გამოქვეყნებიდან 20 წუთში ყველა გაიყიდა. ეხლა უკვე ვამზადებ შემდეგ კოლექციას. ჩვენს მომხმარებლებს აქვთ ხოლმე მოთხოვნა, რომ მათთვის რა მოდელსაც დავამზადებთ, ისეთი აღარ დავამზადო. მეორე კოლექციაში იქნება ანალოგებიც და ახალ მოდელებსაც შევთავაზებ საზოგადოებას.“
დავითი ამ ეტაპზე, დამხმარეს გარეშე მუშაობს. შვილი მხოლოდ ტყავის დაჭრაში ახერხებს დახმარებას, რადგან დანარჩენი საქმე საკმაოდ შრომატევადი და მძიმეა.
,,ჩვენი ნამუშევრების მხრივ სულ არის მოთხოვნა რომ მივიღოთ გამოფენებში მონაწილეობა, მაგრამ თითქმის ყოველთვის, როდესაც ახალ კოლექციას ვაკეთებთ, მარაგი არასდროს გვრჩება. მინიმუმ 2 კვირით ადრე მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ შევძლოთ მონაწილეობის მიღება. გაყიდვებს ვახდენთ მხოლოდ ონლაინ და, ვაწვდით ყველგან, ფოსტის მეშვეობით. ჩვენს მაისურებიც გვაქვს ქართული თემატიკის და ძალიან ბევრ ქვეყანაში ვაგზავნით. მინდა, აუცილებლად ვთქვა, რომ ძალიან რთულია, როდესაც იდეა ჩემია და სხვას არ აქვს გაკეთებული და შემდეგ კონკურენტ კომპანიებს ეს იდეა მიაქვთ. ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა, არ ვართ დაცულები.“.
ხელოვანი ამბობს, რომ საწარმოს სახელოსნოს გაფართოება სურს, რადგან სულ 19 კვადრატია.
,,საწარმო, რომელიც სოფელ ქისტაურში მდებაორებს, სულ 19 კვადრატული მეტრიაა. აღარ გვკმარა, რადგან სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ და სულ ვეძებ დაფიანსების წყაროს. დანადგარების პრობლემაც გვაქვს. სხვადასხვა კომპანიებთან მიწევს თანამშრომლობა რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს“.
DEMA-ს კოლექციიდან
DEMA-ს კოლექციიდან
DEMA-ს კოლექციიდან
DEMA-ს კოლექციიდან
DEMA-ს კოლექციიდან
დავით მოსიაშვილი შვილებთან ერთად