ახალი ამბები

საია – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა ლოიალურია

ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალურია. ზოგიერთი მოსამართლე ჯეროვნად არ აფასებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირთაგან მომდინარე საფრთხეებს. მოსამართლეები ამ ტიპის დანაშაულზე, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მე-17 ანგარიშში.

დოკუმენტში გაანალიზებულია სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე გამოკვეთილი გამოწვევები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს პირის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამ უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალებაზე, ასევე, უკავშირდება სასამართლოში სხვადასხვა სისტემურ პრობლემას.

საიას განმარტებით, ანგარიში ასახავს სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგებს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სასამართლოებში. აგრეთვე მონიტორინგის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში, საია დააკვირდა 844 სასამართლო სხდომას.

საიასვე ცნობით, ოჯახური დანაშაულები – 315 პირის მიმართ ჩატარებული აღკვეთის ღონისძიების შერჩევის სხდომიდან 81 პირის (26%) საქმე ოჯახურ დანაშაულს შეეხებოდა. მონიტორინგისას გამოიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც.

„გამოწვევაა სხდომების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება – პირველი წარდგენის სხდომების შესახებ ინფორმაცია, უმეტესად, არ ქვეყნდება. სასამართლოები, ხშირ შემთხვევაში, არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას იმ არგუმენტით, რომ კონკრეტულ მონაცემებს არ ამუშავებენ, მაშინ, როცა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჯარო უწყებების მოვალეობაა. ხელმისაწვდომობა, მათ შორის, მოიცავს მოთხოვნის არსებობისას იმ მონაცემების დამუშავებასაც, რომლებსაც უწყება საკუთარი სურვილით არ აქვეყნებს; კვლავ პრობლემაა პროკურორის დადგენილებით ბრალდებულთათვის გარე სამყაროსთან კონტაქტის დაუსაბუთებლად შეზღუდვა. ამასთანავე, საიას აზრით, ბრალდებულთათვის ადვოკატებთან სატელეფონო საუბრის შეზღუდვა არღვევს ბრალდებულის დაცვის უფლებას“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.