ლაგოდეხის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საკრებულოს მოდელირებული სხდომა გამართეს
„უფლებები საქართველოს” და „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ორგანიზებით, 24 იანვარს, ლელიანში, ლაგოდეხის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საკრებულოს მოდელირებული სხდომა გამართეს.
სავარჯიშო შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობისგან. თეორიულ ნაწილს გაუძღვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია, რომელმაც ახალგაზრდებს გააცნო საკრებულოს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილებები, საკრებულოს ორგანოები და მათი ფუნქციები, საკრებულოს რეგლამენტის საკითხები, დემოკრატიული მმართველობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები.
პრაქტიკულ ნაწილში, მონაწილეებმა გამართეს საკრებულოს მოდელირებული სხდომა. ახალგაზრდებმა გაინაწილეს როლები (საკრებულოს თავმჯდომარე, მერიის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრები, დაინტერესებული მოქალაქეები). მათ ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი და მიეცათ დავალება, რომლის შესასრულებლადაც მონაწილეები დაიყვნენ ჯგუფებად (ფრაქციებად) და გამართეს დებატები, კერძოდ, იმსჯელეს მუნიციპალური ბიუჯეტიდან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამის დაფინანსების მიზანშეწონილობაზე. დებატების შემდეგ, გაიმართა კენჭისყრა, რის შემდეგადაც ახალგაზრდებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, შეაჯამეს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობისას განხილული საკითხები.
საკრებულოს მოდელირებული სხდომა ჩატარდა პროექტის – „ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდათა ჩართულობის და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში“ – ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“, „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან“ და „ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრთან“ პარტნიორობით, და „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) მხარდაჭერით ახორციელებს.