ახალი ამბები

2023 წელს საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაიზარდა

2023 წლის განმავლობაში საქართველოში 11,279 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც 2022 წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია.

ამ ობიექტების აშენების შემთხვევაში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს 9,379,200 კვადრატული მეტრის ფართობის შენობები შეემატება. მთლიანი სამშენებლო ფართობი 2022 წელთან შედარებით 26%-ით არის გაზრდილი.

2023 წელს გაცემული ნებართვების 49.7% მოდის თბილისზე, 8.9% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4% – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.7% – იმერეთის რეგიონზე.

საგულისხმოა გარემოება, რომ წამყვან პოზიციაზე აღარაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც წარსულში საკმაოდ დიდი მოცულობის სამშენებლო ნებართვები გაიცემოდა. 2023 წელს აჭარაზე სამშენებლო ნებართვების რაოდენობის მხოლოდ 6.3% მოდიოდა.

რაც შეეხება 2023 წელს დასრულებულ მშენებლობებს – გასულ წელს მთლიანობაში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს 3.3 მილიონი კვადრატული მეტრის ახალი შენობა-ნაგებობები შეემატა. დასრულებული შენობების რაოდენობა 3,182-ია, რაც წლიურად 19.9%-ით არის გაზრდილი.

“ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 33.1% მოდის ქ. თბილისზე, 13.1% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12% – კახეთის რეგიონზე და 8.5% – იმერეთის რეგიონზე”, – წერს საქსტატი.