ახალი ამბები

სოფელ ვეჯინის ,,ჯანიაანთ” ეკლესია- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ

გურჯაანის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. ამჯერად გაგაცნობთ სოფელ ვეჯინის ,,ჯანიაანთ” ეკლესიას, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.

ეკლესია ამ დროისთვის დაზიანებულია და მხოლოდ მისი კედლებია შემორჩენილი. ინფორმაციას ისტორიკოსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ეკლესია სოფელ ვეჯინიდან 7 კმ-ით არის დაშორებული და მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე.

,,ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ის ძლიერ დაზიანებულ მდგომარეობაშია: კედლები შემორჩენილია 1,40 მეტრის სიმაღლეზე. ავზომე ეკლესია, შევადგინე აღწერილობა და ვაპირებ სათანადო საბუთების გადაგზავნას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რომ მიანიჭონ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
სტატუსის მინიჭების შემდეგ უნდა ვიზრუნოთ, ძეგლის გადარჩენაზე და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ალაზანთან მდებარე, მხოლოდ ორი ეკლესია გვაქვს: სოფელ ვეჯინის ,,ჯანიაანთ” საყდარი და სოფელ ველისციხის ,,მამისაანთ” საყდარი”,
– აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.