საქართველო და სომხეთი EaP რეგიონში, სიღარიბის მხრივ, ყველაზე დაუცველები არიან – ანგარიში
არსებული მონაცემებით, საქართველო და სომხეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, სიღარიბის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველი ქვეყნები არიან.
ამის შესახებ EaP-ის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.
ჯინის ინდექსი, რომელიც მოსახლეობაში, შემოსავლების განაწილების მიხედვით, უთანასწორობას ზომავს, მიუთითებს, რომ საქართველო და სომხეთი ყველაზე უთანასწორო საზოგადოებებად რჩებიან.
2021 წლისთვის საქართველოს ქულა 34,2-ს, სომხეთისა კი 27,9-ს შეადგენდა (რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია უთანასწორობის დონე). ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით, გაუმჯობესდა, თუმცა სომხეთის – გაუარესდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის საშუალო მაჩვენებელი 27.4 იყო (ეს მოიცავდა აზერბაიჯანის 2005 წლის მონაცემებს), ევროკავშირის საშუალო ქულა კი 2021 წელს 30,1-ს შეადგენდა.
დოკუმენტის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე უკრაინა, ხოლო მესამეზე საქართველოა.