2023 წელს, ესპანეთში ქართული ღვინის ექსპორტი 160%-ით გაიზარდა
ღვინო საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის $6-მილიარდიან ექსპორტში 4.2%-იანი წილი აქვს.
2023 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე $259 მილიონის ღირებულების 89,500-ზე მეტი ტონა ქართული ღვინო გავიდა, რომლის უდიდესი ნაწილი, ტრადიციულად, რუსეთის ფედერაციაში მოხვდა.
თუმცა ქართული ღვინისთვის ტრადიციულ ბაზრებთან ერთად, რომელთა შორის, რუსეთთან ერთად, პოლონეთს, უკრაინას, ჩინეთსა და ყაზახეთს ვხვდებით, ქართული ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება სხვა ქვეყნებში, მათ შორის იქ, სადაც ღვინოს თავად აწარმოებენ, თანაც დიდი მოცულობით. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ესპანეთია, რომელიც მსოფლიოს რიგით მესამე ღვინის მწარმოებელია და ყოველწლიურად, დაახლოებით 44 ჰექტოლიტრ ღვინოს აწარმოებს.
2023 წელს, საქართველოდან ესპანეთში $116 ათასის ღირებულების 17.8 ტონა ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც 160%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს, როცა ესპანელებმა 9.7 ტონა ქართული ღვინო იყიდეს, $45 მილიონად. საინტერესოა, რომ ქართული ღვინის ექსპორტი ესპანეთში მდგრადად იზრდება 2017 წლიდან, როცა ევროპულ ქვეყანაში $13 ათასის ღირებულების 2.4 ტონა ღვინო გავყიდეთ. საერთო ჯამში, 2017-2023 წლებში, ესპანეთში ქართული ღვინის ექსპორტი 809%-ითაა გაზრდილი.